სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 120-ე შეხვედრა იმართება. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება. მათ შორისაა რამაზ ბეღელური, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გარდა ამისა, წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპანტებმა ახალი ინსტალაციები გააკეთეს გორის, ქარელისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.
"დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე და მთავარი აქცენტი გაკეთდება, რათა მათ მიმართ ჰუმანიტარული მიდგომა იქნეს გამოყენებული და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. გარდა ამისა, დაფიქსირებული იქნება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა, 16 მაისიდან 22 ივლისის მდგომარეობით", - თქვა ანთაძემ.