გაფიცულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ | ომბუდსმენი "ევოლუშენზე"

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვას კიდევ ერთხელ ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მიიღეს ინფორმაცია, რომ გაფიცული თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ, მაშინ, როდესაც მათ რიცხვში არიან ორსულები, ონკოპაციენტები და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები:

საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ გაფიცულ თანამშრომლებს შრომით ურთიერთობასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ. ამავე დროს, გაფიცულთა შორის არიან ორსულები, ონკოპაციენტები და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთათვისაც დაზღვევის სერვისით სარგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ონკოპაციენტებისთვის, ორსულებისთვის, შაქრიანი დიაბეტისა და სხვა სამედიცინო საჭიროების მქონე პირებისთვის, კერძო სადაზღვევო მომსახურებით სარგებლობის მიუხედავად, სახელმწიფო, ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბაზისო სამედიცინო სერვისებზე წვდომას. იმ შემთხვევაში, თუ „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეეზღუდებათ საყოველთაო პროგრამის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა, საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს გაფიცული თანამშრომლების საკითხი, მათი მომართვის საფუძველზე. 

ვინაიდან, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვა თითქმის ორი კვირაა გრძელდება, არსებობს საფრთხე, რომ გაფიცვაში მონაწილე პირებს იმ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროება წარმოეშვათ, რასაც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მოქმედების პირობებში მიიღებდნენ. ამან შესაძლოა, რისკის წინაშე დააყენოს გაფიცულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, კიდევ უფრო გაზარდოს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა. 

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას - აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან; ასევე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად, რათა დროულად მოხდეს დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებზე წვდომის აღდგენა." ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

"ევოლუშენის" თანამშრომლების გაფიცვა 12 ივლისიდან მიმდინარეობს. ისინი ღირსეულ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას ითხოვენ, ასევე იმ მენეჯმენტის გათავისუფლებას, რომლებიც თანამშრომლების ბულინგში არიან მხილებული.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი