მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალში მოსახლეობა აქციას მართავს. მათ ამ წუთებში ცენტრალური გზა საბურავებით აქვთ ჩაკეტილი და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას მოითხოვენ. პარალიზებულია მოძრაობა.
როგორც ადგილობრივები "მთავარი არხის" ვებგვერდ ატყობინებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, უკვე 5 დღეა სვანეთში ორ ახალგაზრდას ეძებენ - გოგიტა ფარჯიანთან და გიორგი გვიჩიანთან კონტაქტი ორშაბათის შემდეგ ვერ მყარდება. ისინი ზემო სვანეთიდან ლასილის უღელტეხილით, ქვემო სვანეთში, ლენტეხში გადადიოდნენ. მარშრუტი კვირას დაიწყო და წესით კვირასვე უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ორშაბათს ახალგაზრდებმა ახლობლებს შეატყობინეს, რომ გზა აებნათ. მას შემდეგ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება გუშინ, 24 ივლისს შევიდა და მეორე დღეა ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც უწყება განმარტავს, ვერტმფრენი ამინდის გამო სამუშაოებში ვერ ერთვება.