"მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა" | პირველმა არხმა "აკუსტიკის" წამყვანები შეცვალა

გამოქვეყნდა:

მომღერალი მებო ნუცუბიძე წერს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა "აკუსტიკის" წამყვანების - მისი და მაკო მჭედლიშვილის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება.

რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, ამაზე მომღერალი არ წერს, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. მებო ნუცუბიძე აქტიურად აპროტესტებდა ხელისუფლების ანტიდასავლურ ნაბიჯებს და რუსულ კანონს. 

"9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით.

სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ.

გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა.

ასე გადაწყდა - ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება.

მადლობა ყველას, ვინც ამდენი წელი უყურებს და უსმენს აკუსტიკას. გვიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ვქმნიდით ამ პროექტს.

ჩემი პირადი მადლობა თითოეულ მუსიკოსს, ვის გარეშეც აკუსტიკა ვერ იქნებოდა ასეთი კარგი და საინტერესო.

და მადლობა მაკოს: მის გვერდით, ამ 6 წლის განმავლობაში, უკეთეს ადამიანად და უკეთეს პროფესიონალად ვიქეცი.

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დანაპირებს მაინც შევასრულებთ და ძალიან მალე ისევ შევხვდებით სხვა სივრცეში, სხვა პლატფორმაზე და სხვა სახელით.

და კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი სიახლეებით. დროებით", - წერს ნუცუბიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი