
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასრულდა ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგის პირველი ეტაპი. უწყება ამბობს, რომ განხორციელდა მყინვარულ ტბებზე, მყინვარების ნაპრალებსა და კლდეზვავურ პროცესებზე დაკვირვება, ასევე, შეფასდა მყინვარის ენის დნობის (აბლაციის) დინამიკა, რომლის შედარებაც მოხდება ისტორიულ მონაცემებთან.
სააგენტოს განცხადებით, მომავალ კვირას დაგეგმილია წამყვანი შვეიცარიული კომპანია - "GEOTEST AG" - ის ექსპერტების, ვიზიტი საქართველოში, რომლებიც სააგენტოს ექსპერტებთან ერთად ადგილზე გაეცნობიან მყინვარებზე არსებულ მდგომარეობას.
"ექსპედიციის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება გლაციალური საფრთხეების შეფასება.
კვლევის შედეგად, დადგინდება პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი არეალები და შესაბამისი საპრევენციო ღონისძიებები. შვეიცარიელი ექსპერტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად მოხდება სიტუაციის გაანალიზება და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.
მყინვარულ ხეობებში კვლევების განხორციელება მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო სტიქიური მოვლენების განვითარებით მიყენებული, უარყოფითი შედეგების მაქსიმალურ შერბილებას", - წერია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, სააგენტოს სპეციალისტების მიერ საველე-ექსპედიციური გზით ხორციელდება მყინვარული ხეობების ვიზუალური და ინსტრუმენტალური მონიტორინგი. მონიტორინგის ფარგლებში, დრონების მეშვეობით ხორციელდება აეროფოტო-მასალის შეგროვება, მათი ანალიზი/დამუშავება. გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ სპეციალისტების მიერ, ფეხით მისადგომ მყინვარებზე ხდება ფოტო-მასალის შეგროვება და ადგილზე სიტუაციის შეფასება.