მარნეულში 4 წლის ბიჭს თავში, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი ძმის მიერ, კისტის თოფიდან გასროლილი ტყვია მოხვდა - ამ დროისთვის ბავშვს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის ინგოროყვას კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
ცნობილია, რომ 4 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციაში სულ ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
შემთხვევა გუშინ, 1-ელ აგვისტოს მოხდა. თავდაპირველად ბავშვი მარნეულის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა, ჭრილობის სიმძიმიდან გამომდინარე, თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.
"შემოიყვანეს უმძიმესი, იყო რავიცი, არ ვიცი დათვალიერებით რაც ვნახეთ და მშობლების გადმოცემასაც როგორც დავეყრდენით, ქალა-ტვინის ტრავმა, იყო ჭრილობა, იყო სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა, მაგრამ სწრაფადვე, იმ წუთში რეანიმაციული ღონისძიებები ჩატარდა. დაინტუბირდა. გულის გაჩერება არ იყო, რაც მართალია, მართალია. დასტაბილდა აბსოლუტურად ყველაფერი. ბავშვი იყო პატარა და ვინაიდან ჩვენ ბავშვის ნეიროქირურგიული საწოლი არ გვაქვს, ამიტომ გადავარეფერალეთ სხვა კლინიკაში, როგორც ვიცი, ინგოროყვას კლინიკაში გადარეფერალდა. ეს ბავშვი, როგორც ვიცი, არის 4-5 წლის, - ამბობს "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას "ჯეო ჰოსპიტალსის" მარნეულის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, ტატა შენგელაია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცნობილია, რომ მომხდარზე უკვე გამოიკითხნენ 4 წლის ბიჭის მშობლები და ოჯახის წევრები.
იხილეთ ასევე: