1 წელი შოვის ტრაგედიიდან. 2023 წლის 3 აგვისტოს შუადღეს შოვში მოვარდნილმა მეწყერმა 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილობრივებს, რაჭაში დასასვენებლად ჩასულ ოჯახებს, მეგობრებსა და ნათესავებს მოულოდნელად მიწის მასამ გადაუარა. ისინი 3 საათზე მეტხანს სტიქიასტან ბრძოლას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.
უკვე ერთი წელია გამოძიება არკვევს, მოჰყვა თუ არა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობასა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. გამოძიება შოვის ტრაგედიაზე 2 მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, იურისტები თვლიან, რომ ეს საკმარისი არ არის და გამოძიება დამატებით კიდევ სხვა ორი მუხლითაც უნდა წარიმართოს, რაც ადამიანების განსაცდელში მიტოვებასა და სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.
იურისტი, ანა თავხელიძე "მთავარ არხთან" საუბრისას განმარტავენ, რომ გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და საკმარისი მტკიცებულებები არ არის მოპოვებული. თავხელიძის თქმით, პრობლემად რჩება ისიც, რომ შოვში გადარჩენილ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუღიათ.
"სრული კვალიფიკაციით არ მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება. განსაცდელში მიტოვების და სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტები არ მოექცა, სამწუხაროდ, გამოძიების საგნად. ასევე პრობლემად რჩება, რომ გადარჩენილი ადამიანების დაზარალებულად აღიარება არ მომხდარა იმიტომ, რომ რიგი მტკიცებულებები არ არის მოპოვებული, კრიტიკულად არ არის ნაწარმოები გამოძიება, რაც ხელს უშლის ობიექტური გარემოებების დადგენას. მათ შორის, გამოძიების საგანი უნდა იყოს დროული რეაგირება განახორციელეს თუ არა სტიქიურ მოვლენათა განვითარების შემდგომ სახელმწიფო უწყებებმა. კვალიფიკაციის დაზუსტებად ვითხოვთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოშორებას საქმიდან და გამოსაძიებლად პროკურატურისთვის საქმის გადაცემას. ვითხოვდით მტკიცებულებათა შეგროვებას, გარემოებათა დადგენას. სამწუხაროდ, ისინი არ უზრუნველყოფენ საზოგადოების ინფორმირებას და ჩვენ, ადვოკატებსაც არ გვაწვდიან მასალას. გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის თავზე არცერთი განცხადება არ მოგვისმენია არც საგამოძიებო უწყების, არც პროკურატურის მხრიდან, რა კეთდება იმისთვის, რომ გარემოებები დადგინდეს," - ამბობს თავხელიძე.