ანაკლია - განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდზე ფილები ჩამტვრეულია | ადგილობრივების თქმით, გადაადგილება უსაფრთხო არაა

გამოქვეყნდა:

ანაკლია განმუხურის საფეხმავლო ხის ხიდი უსაფრთხო არაა, დაზიანებული და ჩატეხილია ფილები. მდინარე ენგურზე გადებული საფეხმავლო ხიდი ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლებს აკავშირებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდზე გავლის დროს შეიძლება ფეხი ჩაგივარდეს და მოიტხეო. მათივე თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურისტულად ადგილს ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

"ახლა ამ ხიდზე ბავშვთან ერთად გავლა საშიშია. ხიდი დამტვრეული და მოუვლელია. არაჩვეულებრივი სანაპიროა და სასიამოვნოა აქ დასვენება, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი მოუვლელია", - ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანიას თქმით, "ოცნება" ანაკლიის კვალის წაშლას ცდილობს და ეს არის ის, რასაც მას რუსეთი ავალებს. 

"ყველაფერი დაკავშირებული ანაკლიასთან უნდა განადგურდეს და უნდა გაქრეს ზედაპირიდან და ზღვის დონიდანაც, როგორც ზევით ისე ქვევით. ეს არის დღეს ხელისუფლების მთავარი მიზანი, თორემ ხალხი არის, რაღაც ფესტივალები ტარდება, თითქოს ამოისუნთქა ანაკლიამ, მაგრამ არა. ხიდი არ არის, მისასვლელი აფხაზეთთან არ არის, სასტუმრო რომელიც ასოცირდებოდა ისტორიასთან და წინა ხელისუფლებასთან განადგურებულია, დამპალია საძოვრად არის ქცეული აქაურობა," - თქვა ბელქანიამ.

ხიდის მშენებლობა 2011 წელს დასრულდა. ის ევროპაში ყველაზე გრძელი ხის საფეხმავლო ხიდია, სავალი ნაწილის სიგრძე - 504 მეტრი.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი