"მთავარმა" მოიპოვა გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების შიდა ჩათის მიმოწერები და აუდიო შეტყობინებები. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ უახლოეს მომავალში ავტობუსებში გაგრილების სისტემა უნდა გაითიშოს და არ გააპროტესტონ აღნიშნული ფაქტი, არ ისაუბრონ მგზავრებთან ამ თემაზე.
"მე გასაგებად დავწერე, 2-3 დღეა მაგაზე ვლაპარაკობ, მოეშვით ამ კონდიციონერებზე ჩივილს, ავტობუსში ცხელა და კიდევ ათას რაღაცას. რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთი და იგივე რა გაუგებარი გჭირთ ვინც ხართ ასეთები, ვერავინ ვერსად ვერ გადავა და ვერც მძღოლის შესვენებას ვერ გამოიყენებს დღის მეორე ნახევარში. რასაც გეუბნებიან გააკეთეთ ის თუ მუშაობა გინდათ, ვისაც არ მოგწონთ და არ გაწყობთ, გზა ხსნილია, შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება და მიბრძანდეთ", - ამბობს მამუკა ხიზანიშვილი, მონიტორინგის სამსახურის უფროსი.
თანამშრომლები ყვებიან, რომ ავტობუსების ნაწილში ისედაც გათიშულია გაგრილების სისტემა, რასაც მგზავრები აპროტესტებენ და პრეტენზიებით კონტროლიორებსა და მძღოლებს მიმართავენ.
გარდა ამისა, ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები არაჰუმანურ მოპყრობაზე საუბრობენ და მამუკა ხიზანიშვილს ადანაშაულებენ, რომ მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენებს და გაუსაძლის პირობებში მუშაობას აიძულებს.
"კონდიციონერები არ არის ბევრ ავტობუსში, ერთ ავტობუსში კი არა, ძალიან ბევრში... გუშინაც ჩხუბი მომივიდა უფროსთან, თუ სიმართლეს ვიტყვით, საბოტაჟისტები ვართ, თუ ულაპარაკოდ დავთანხმდებით თავის ტყუილებზე, რაც თვითონ უნდა, მაშინ კარგები ვართ. უკვე ლამის გული შემიწუხდეს ისე ცხელა, ხომ არ შეიძლება ასეთ ავტობუსებში მუშაობა, როგორც უნდა ისე გვლანძღავს, პირზე რაც მოადგება იმ სიტყვებით მლანძღავს",- ამბობს კონტროლიორი.
ჩვენ დავუკავშირდით მამუკა ხიზანიშვილისაც, რომელმაც თქვა, რომ ტექნიკა ხანდახან მწყობრიდან გამოდის, ასეთ დროს ავტობუსს ხაზიდან ხსნიან.
"ამათ იჩივლეს შრომის ინსპექციაში, მერიაში, საკრებულოში, სადაც ასეთი ფაქტები არ დადასტურდა და არც შრომის ინსპექციამ, არც საკრებულომ, არც მერიამ, პროფკავშირებში იჩივლეს კიდევ, არსად ეს ფაქტები არ დადასტურდა", - ამტკიცებს ის.
გორის ავტობუსები ხელისუფლებამ მსოფლიო ბანკიდან აღებული 10-მილიონიანი სესხით შეიძინა.