საინიციატივო ჯგუფმა "ხულო და მისი პერსპექტივები", ხულოს რაიონში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე, ინერტული მასალების მოპოვების რამდენიმე ადგილი აღმოაჩინა. ჯგუფის ინფორმაციით, არცერთ ლოკაციაზე შესაბისს სტრუქტურებს სამუშაოებისთვის საჭირო ნებართვები არ გაუცია. მათივე ცნობით, ფიქსირდება წესების სრული დარღვევით ინერტული მასალის მოპოვების, გატანისა და მრავალწლოვანი ხეების გაჩეხვის ფაქტები.
ადგილზე იმყოფებოდა გეოლოგი გიორგი ბერიძეც, რომელიც ამბობს, რომ ბუნებას გამოუსწორებელი ზიანი ადგება და სამუშაოები მეწყრული პროცესების წარმოშობას ააქტიურებს. გეოლოგი ამბობს, რომ ამოღებულია ათასობით კუბური მეტრი მასა და დარღვეულია ფერდობის წონასწორობა, რასაც შესაძლოა სწორედ მეწყრული პროცესები მოჰყვეს.
არსებული ინფორმაციით, ინერტული მასალები ტერიტორიიდან კომპანია “ ნიუ- როიდს” გააქვს, რომელიც ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
აქვს თუ არა საჭირო ლიცენზია კომპანიას, უცნობია.
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას კითხვით, რომელი კომპანია და რამდენად კანონიერად აწარმოებს სამუშაოებს მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა პასუხი მათთვის არავის გაუცია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე