ხაშურში დაზიანდა სკვერი, რომლის რეაბილიტაციაზეც ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სკვერის მოაჯირიდან და სკამებიდან დეკორატიული ფილები ცვივა.
"ეს პროექტი რომ დასრულდა, მაშინვე ვიძახდი, რომ უხარისხოდ იყო შესრულებული სამუშაო, თუმცა პროვოკატორი მეძახეს. გავიდა ერთი წელი და ყველაფერი ფუჭდება, დაბლა ფილებიც იყრება. ერთი ზამთარი ვერ გაძლო. მერია საერთოდ ყურადღებას არ აქცევს. ორი კაცი არ ჰყავთ, რომ მივიდნენ და დაიზიანებული ადგილები შეაკეთონ", - უთხრა გამოცემას მეხრიშვილმა.
ცნობილია, რომ დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერს რეაბილიტაცია 2022 წელს ჩაუტარდა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 566 698 ლარი დაიხარჯა.
ფილების დაზიანებაზე, ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებებს გამოასწორებენ - "წელს ყიფიანის სკვერში რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. თუ რამე დაზიანებულია, აღდგება აუცილებლად", - უთხრა ხაშურის მერიის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა "მოზაიკას".