ქუთაისის ციხეში მოწამლული პაციენტების ნაწილი საავადმყოფოში რჩება. მეორე ნაწილი კი მკურნალობას პენიტენციურ დაწესებულებაში განაგრძობს. კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანილი პატიმრები ადვოკატებმა მოინახულეს. უფლებადამცველების თქმით, მედიკოსებმა მათთან საუბრისას განაცხადეს, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ინფექციაა. ადვოკატ სოფო ბონდარენკოს ინფორმაციით, მოწამლულია დაახლოებით 200 პატიმარი.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპზე, თუმცა არის საყურადღებო . მოვიკითხე სხვა პატიმრების მდგომარეობაც. დიაგნოზი არის ნაწლავური ინფექცია, რაც დაბინძურებული წყლით, საკვებით, ან არაჰიგიენური პირობებით, სადაც მათ ყოფა-ცხოვრება უწევთ, აქედან ხვდება ორგანიზმში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ინფიცირებულია 200-მდე პატიმარი და მათი ეტაპირება მოხდებოდა გუშინ, ან დღეს, ვივა მედის კლინიკაში" ამბობს ადვოკატი.
ქუთაისის ციხეში პატიმრების ინტოქსიკაციის შესახებ "მთავარმა" ინფორმაცია 14 აგვისტოს გაავრცელა. სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა.