
თბილისის მერიის განცხადებით, იუსტიციის სახლთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება. მერია აღნიშნავს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ხიდის დემონტაჟს ახორციელებს, რადგან ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხიდი მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია.
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები.
ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს." - აცხადებს მერია.
მიმდინარე სადემონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.
„საფეხმავლო ხიდის მიმდებარედ მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი და შუქნიშნები, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. შესაბამისად, არსებული ამორტიზებული ხიდი, რეალურად, უფუნქციო გახდა. ფაქტობრივად, საჭირო იყო კონსტრუქციის სრული დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, რაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდებოდა.
ამავდროულად, არ არის ადაპტირებული და შშმ პირები ვერ სარგებლობდნენ. ზოგადად, ამ ხიდზე გადაადგილება არ იყო კომფორტული“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, თბილისში, იუსტიციის სახლთან, ხიდის დემონტაჟი 14 აგვისტოს დაიწყო.