უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ბონდო გაგნიძე სოფელ შინდისში სამხედრო პატივით დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე მშობლიურ სოფელ შინდისში სამხედრო პატივით დაკრძალეს. გაგნიძე საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოასვენეს. 

47 წლის ქართველ მეომარს შინდისელებმა, ომის ვეტერანებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა პატივი შინდისის გმირთა მემორიალთან არსებულ ეკლესიაში მიაგეს, საიდანაც შინდისის სასაფლაოზე გადაასვენეს.

ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო.

ბონდო გაგნიძე 30 ივლისს დაიღუპა. ის ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს.

საქართველოში ჩამოსვენებამდე, 47 წლის ქართველ მეომარს თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა პატივი კიევის საკათედრო ტაძარში მიაგეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი