ჭიათურელების პროტესტი და ჭორვილას მოსახლეობა ოლიგარქის სიმშვიდის სადარაჯოზე. ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში სადაც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობით დაზარალებულები საპროტესტო აქციის მოსაწყობად ჩავიდენ. ჭიათურიდან ჩასულებს ადგილზე საგანგებოდ შეკრებული ადგილობრივები დაახვედრეს, რომლებიც მათ აქციის მოწყობის საშუალებას არ აძლევდნენ. ოლიგარქის სახლთან ივანიშვილის სიმშვიდის დასაცავად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია იყო მობილიზებული. საჩხერეში ბიძინა ივანიშვილის მიერ მობილიზებული დაჯგუფებები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფსაც. ადგილზე პოლიციის მობილიზების მიუხედავად, სამართალდამცავებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენიათ.
იმ შემთხვევაში თუ ჭიათურელების პროტესტს ხელისუფლება რეაგირების გარეშე დატოვებს, ადგილობრივები შიმშილობას აანონსებენ. მათი თქმით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების ქვეშ მანგანუმს წლების განმავლობაში მოიპოვებდა, რის გამოც შენობები დაზიანდა და ხალხი ცხოვრებას ავარიული სახლებში აგრძელებს. დაიბზარა და დაიმეწყრა მიწის ნაკვეთებიც.
სოფელ შუქრუთში მცხოვრებლები უკვე 165 დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ. მოსახლეობა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას სთხოვს. მიუხედავად ხანგრძლივი პროტესტისა, მათი მდგომარეობით ხელისუფლება ამ დრომდე არ დაინტერესებულა.