მეწყერი ხაშურში - სოფელ ვაყაში სამანქანო გზა ჩავარდა. დასახლება ორად არის გაყოფილი, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ვაყაში მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მის შესაჩერებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.
შემთხვევა გუშინ, დღის საათებში, იმ დროს მოხდა, როცა გზაზე ადგილობრივები როგორც ქვეითად, ისე მანქანებით გადაადგილებოდნენ. შემთხვევას წინ უძღოდა ძლიერი წვიმა, რომლის შემდეგაც მიწის მასა მოწყდა და გზა ჩავარდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გადარჩნენ უბედურ შემთხვევას.
სოფელში ამბობენ, რომ მეწყრული პროცესები გასული წლის ზაფხულში დაიწყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პრობლემა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სათანადოდ ვერ მოგვარდა.
"მოწყვეტილები ვართ მეზობლებს, სად გადახვალ, ბაღებში სად ივლი, ძირითადი ლამის სატრანსპორტო გზა არის. არ ვიცი, ნახევარი მილიონის ამას არაფერი არ ეტყობა. ფაქტი ჯიუტია, გაკეთდა, ვერ გაკეთდა, ალბათ მეტი იყო საჭირო რომ გამოყოფილიყო თანხები, რომ ცოტა უკეთესად გაკეთებულიყო", - ყვება ადგილობრივი.