საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2024 წლის 6 თვეში 261 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bm.ge ავრცელებს და წერს, რომ ეს წინა წელთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. მათივე პროგნოზით, თუ მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 520 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
გამოცემა წერს, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული, რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად მზარდია.
Bm.ge წერს, რომ შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2024 წლის 6 თვეში მათზე ჯამში 1,26 მილიარდის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.6 მილიარდ ლარს აიღებს. რასაც შტატიანი მოხელეების ანაზღაურების ხელფასების სახით 520 მილიონი ლარი ემატება, რაც ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებები 3.1 მილიარდ ლარს აღწევს.