სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება ამ შეთანხმებას - აცხადებს საპატრიარქოში გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ოცნების" შეთავაზებაზე, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით:
"სახელმწიფოს მხრიდან ეს არის თავაზიანობის აქტი , რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას და ამაზე თანხმდება უმრავლესობა მღვდელმთავრებისა, რომ ეს მისაღებია. შემოთავაზება იყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების , თუმცა ეს გულისხმობდა თავის შინაარსში ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამის გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირების იქნება, ამაზე მიდის ისევ მსჯელობა" ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი კი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს წინადადება, წინასაარჩევნო შეთავაზებაა:
"ორი აზრი არ არის, ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის... მოსყიდვის არა, ცოტა უფრო კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის წინასაარჩევნო პროგრამა...ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ, გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან, რას უნდა ნიშნავდეს ეს. ამის შესახებ იყო საუბარი და ეს აზრი არ იყო მისაღები. და როდესაც სახელმწიფოს განვუმარტეთ ჩვენი პოზიცია, სახელმწიფოც დაგვეთანხმა ამაში. სახელმწიფოს რომ ვამბობ, ხელისუფლებას ვგულისხმობ. "- ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
შეხვედრა დასრულებამდე დატოვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, რომელიც "ოცნების" ინიციატივას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა იქნას მიღებული. მისივე თქმით, იგივე პოზიციაზეა პატრიარქიც.
ავტორი: დავით კობიძე