უწყვეტი პროტესტის 173-ე დღე ჭიათურაში. სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აქციის რამდენიმე მონაწილემ კი შიმშილობა დაიწყო. ისინი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიის საქმიანობის, გამო მათი სახლები დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. სახნავ-სათესი მიწები კი დაიმეწყრა. შუქრუთელების განცხადებით, ისინი კომპანიასა და ხელისუფლებას ზარალის კომპესანციას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი შეუერთდება.
"მივმართეთ პროტესტის ამ ზომას, ბოლო, უკიდურესი ეს არის და მართლა თუ დავიხოცებით, დავიხოცებით და ეგ იქნება, ბოლო-ბოლო არ ვუყურებთ ამ უსამართლობას და აღარ შევხედავთ ამათ საქციელს. მოგვივარდებიან ღამის სამ საათზე, შემოგვივარდებიან, ცალკე დარბევას ცდილობენ რაღაცით. არავინ არ ცდილობს, რომ მოვიდნენ დაგვიწყონ საუბარი და დაგველაპარაკოს. ჩვენ არ გვაინტერესებს თემურ ხონელიასთან ლაპარაკი, ჩვენ არ გვაინტერესებს ზურაბ ყანჩაველთან ლაპარაკი, ჩვენ გვინდა მედიატორი იყოს სახელმწიფო, სახელმწიფო წარმომადგენელი და ჩადგეს პასუხისმგებლობაში და ეს პასუხისმგებლობა აიღოს, რასაც ჩვენ ვითხოვთ კომპანიისგან. ჩვენ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ არაფერს არ ვითხოვთ, თუ უსამართლოა, ეგეც აგვიხსნან," - ამბობს აქციის მონაწილე.