"ყოველ გასვლაზე პირჯვარს ვიწერ, რომ თავზე არ დაგვეცეს" | სურამში, მუსიკალური სკოლის ნახევრად ჩამოშლილი შენობის დემონტაჟს ითხოვენ

გამოქვეყნდა:

სურამში, მუსიკალური სკოლის ნახევრად ჩამოშლილი შენობის დემონტაჟის მოთხოვნით დღეს ადგილობრივი მცხოვრებლები შეიკრიბნენ. ადგილობრივების თქმით, ავარიული შენობა მოსახლეობის სავალ გზას ესაზღვრება და თუ ნგრევა განმეორდა არაა გამორიცხული, რომ ტრაგედია დატრიალდეს.

"მოგვეცით სიცოცხლის გარანტია. ამ ჩიხში მჭიდრო დასახლებაა, ყოველ გასვლაზე პირჯვარს ვიწერ, რომ თავზე არ დაგვეცეს, გასარიდებელი არსად არაა, თუ ჩამოვარდა დავიხოცებით. ვეხვეწები ყველას, სიკვდილი არ მინდა, გამიკეთეთ რამე, რომ გავიაროთ უსაფრთხოდ." - აცხადებს ადგილობრივი.

ავარიული შენობის მეზობლად მცხოვრები კიდევ ერთი პირი ადგილობრივი ხელისუფლების პასუხზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ავარიულობის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა დემონტაჟისთვის კომისია უნდა შედგეს და ტენდერი გამოცხადდეს, რასაც დრო სჭირდება.

ოპოზიცია ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს და აცხადებს რომ მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად პირად კეთილდღეობაზე არიან გადართული.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში პირობას დებენ, რომ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებენ, რადგან უკვე არსებობს 112 ათას ლარიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ შენობის სრული დემონტაჟი. რაც შეეხება მუსიკალური სკოლის ფუნქციონირებას, ის სურამის კინოთეატრის შენობაში გაგრძელდება, რომელსაც ასევე რეაბილიტაცია სჭირდება, რაც ხაშურის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ასევე უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
 

იხილეთ ასევე
სურამში მუსიკალური სკოლის კედელი ჩამოინგრა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი