
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის სააგენტო კლავს ცხოველებს და ავრცელებს დეზინფორმაციას ცოფის ეპიდემიის შესახებ. ამის შესახებ განცხადება ცხოველთა უფლებათა დამცველებმა გააკეთეს. მათივე თქმით, თემურ ზავრაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია აზიანებს მიუსაფარ ცხოველებს. ორგანიზაციაში მოითხოვენ, ზავრაშვილის წინააღმდეგ მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს.
"ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორი, თეიმურაზ ზავრაშვილი სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ავრცელებდა ინფორმაციას მათ შორის ცხოველების სიკვდილიანობის რაოდენობის შესახებ, დადსტურებული ფაქტების შესახებ, რაც რეალურად არ დასტურდება ფაქტებით. ზავრაშვილის მიერ გაჟღერებული კარანტინის პირობები ასევე იყო კანონდარღვევა და მის მიერ და მისი სააგენტოს თანამშრომლების მიერ ორი სოფლის პერიმეტრიდან გაყვანილი ცხოველები სახეზე გვყავს 90 გადაყვანილი ძაღლი გაურკვეველ პირობებში და ასევე კატები რომელთა ადგილსამყოფელი არ ვიცით და არ ვიცით, საერთოდ ცოცხლები არიან ისინი თუ არა", - ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი, შორენა ლობჟანიძე.
"ბატონმა თეიმურაზ ზავრაშვილმა განაცხადა, რომ 14 ძაღლია დაღუპული. რეალურად, სურსათის უვნებლობის სააგენტო ჩვენ გვიდასტურებს მხოლოდ 2 შემთხვევას. კრემატორიუმზე როგორც ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, ეს არის კუსტარული კრემატორიუმი, სადაც ხდება უამრავი, ასობით და ათასობით ძაღლის დაწვა და გვამების განადგურება ისე, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ, რა რაოდენობის ძაღლი შედის და იფერფლება. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ კრემატორიუმზე ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვას და მთლიანად სააგენტოს და თეიმურაზ ზავრაშვილის მიმართ აღძრული საქმეების ბოლომდე მიყვანას", - თქვა ცხოველთა უფლებადამცველმა, ქეთა ხვიჩიამ.