
ტრაგედია სარკინიგზო მაგისტრალზე. თბილისში მომხდარ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გახდა თუ არა დაუდევრობა საბედისწერო შემთხვევის მიზეზი, რომელსაც ორი ადამანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რკინიგზის თანამშრომელები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ.
ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე სამუშაო პლატფორმას შეეჯახა, სადაც კომპანიის თანამშრომლები გეგმიური სამუშაოს ასრულებდნენ. სამგზავრო მატარებელი სამი საათი ავარიულად იყო გაჩერებული. ამ დროის განმავლობაში მგზავრებს არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია, რა გახდა მოძრაობის პარალიზებისა და მათი მატარებელში გამოკეტვის მიზეზი.
უცნობია, რატომ აღმოჩნდა სამუშაო პლატფორმა ლიანდაგებზე იმ დროს, როცა იქ მატარებელს უნდა ჩაევლო. საქართველოს რკინიგზა გამოქვეყნებულ განცხადებაში მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და წერს, რომ დაღუპული თანამშრომლები გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ, რაც აშკარას ხდის, რომ შემთხვევა დაუდევრობით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი