რეკორდულად დიდი ოდენობის თანხით დაჯარიმებული მძღოლები და გადახდილი ჯარიმებით შევსებული ბიუჯეტი. ბოლო 7 თვეში, 130 მილიონი ლარი, მოქალაქეებმა მხოლოდ საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გადაიხადეს. 10 მილიონ ლარამდე კი, არასწორი პარკინგისთვის. "ქართულმა ოცნებამ" პარკირების ჯარიმის საფასური ხუთჯერ გაზარდა.
ზოგ შემთხვევაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ან არასწორად დაპარკინგებული მანქანისთვის მძღოლებს 5-ჯერ გაზრდილი ფასის გადახდა უწევთ. ზოგიერთი ჯარიმა 10 ლარიდან 30 ან 50 ლარამდეც კი არის გაძვირებული. მაგალითად, არასწორად გაჩერებული მანქანისთვის მოქალაქეებს 50 ლარის გადახდა უწევთ. საპარკინგე ადგილები თბილისში ერთ-ერთი გამოწვევაა, თუმცა, თბილისის მერი ამ დრომდე არ ასრულებს გაცემულ დაპირებას და არ ზრუნავს დედაქალაქში ახალი საპარკინგე სივრცეების მოწყობაზე.