"ოცნებასთან" დაახლოებული პირების გამდიდრების კიდევ ერთი სქემა | როგორ ნადგურდება ბახმარო?

გამოქვეყნდა:

ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე  უნიკალური  კურორტი ბახმარო ქაოსური და უკონტროლო  მშენებლობების   ადგილად იქცა.  კურორტზე მიწის  ნაკვეთების მიტაცებისა და   თვითნებური მშენებლობების  ბუმია. 
 
"შაბათის მთავარმა" მოიპოვა მტკიცებულებები,  რომლითაც  დასტურდება,  რომ ჩოხატაურის მერთან და გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან   დაახლოებული  პირები ბახმაროში დიდ ფულს შოულობენ. წყაროსგან მიღებული მასალებით დგინდება რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები კოტეჯებს  უკანონოდ აშენებენ,  შემდეგ კი ან კოლოსალურ ფასად ყიდიან, ან სეზონურად აქირავებენ.  

ქალი, რომლის ოჯახი  უნიკალურ საკურორტო ზონაში  30- მდე კოტეჯს  ფლობს,  ჩოხატაურის მერის, დავით შარაშიძის თანაშემწეა.  თამთა სააკაშვილის ოჯახი, რომელიც ჩოხატაურის მერთან დაახლოებულია, ოპოზიციის მტკიცებით სახელმწიფო მიწით უკანონოდ სარგებლობს. 

ხელისუფლების სავარაუდო კორუფციულ სქემაზე  ადგილობრივი ოპოზიცია წლებია  საუბრობს, თუმცა რეაგირება ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ დრომდე არაა. ამის გამო ოპოზიციონერები დარწმუნებულები არიან, რომ  მაღალმთიან კურორტზე  უკანონო მშენებლობებითა და შემდეგ მათგან მიღებული დიდი შემოსავლით  მხოლოდ ადგილობრივი ჩინოვნიკები არ სარგებლობენ.  

ვის უმოქმედობას ეწირება საკურორტო ზონა?- ამის გარკვევა ჩოხატაურის  მერიაში  ვცადეთ.  იმის გამო რომ საქმე მერის,  დავით შარაშიძის გარემოცვას ეხება,  გვსურდა პირველ რიგში მისთვის გვეკითხა, რის საფუძველზე  გასცემს ბახმაროში  მშენებლობების უფლებას.  ჩოხატაურის  მერი სამსახურში არ  დაგხვდა,  ტელეფონით კი ჩვენთან საუბარი არ მოისურვა.  

ოპოზიციის წევრების მტკიცებით ბახმაროში ერთ კოტეჯსაც ვერ ჩადგამ, თუ ვასილ ჩიგოგიძესთანაც არ მოაგვარე.  რეგიონის მაჟორიტარი არ უარყოფს რომ უნიკალურ საკურორტო ზონაში უკანონო მშენებლობები სერიოზული პრობლემაა, თუმცა ამაში მისი, ან ადგილობრივი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.

მაჟორიტარს უკანონობის დაბრალება მხოლოდ მოსახლეობაზე სურს, თუმცა შაბათის მთავარმა კონკრეტული  ფაქტები მოიპოვა, როგორ ართმევს სახელმწიფო  ადგილობრივებს  მემკვიდრეობით მიღებულ მიწის  ნაკვეთებს.  ასე მოხდა მაია გიორგაძის  შემთხვევაში, რომელმაც  სისტემის უსამართლობა საკუთარ თავზე გამოსცადა.  ახლა ემიგრაციაში მყოფ ყოფილი ჟურნალისტს, წლებია  იმის მტკიცება უწევს რომ  საკურორტო ზონაში  მდებარე მიწის კანონიერი  მესაკუთრეა.

სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების   ფაქტებს საქართველოს პროკურატურა წლებია იძიებს, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი