ზუსტად ხუთი თვეა, გოგი თათუხაშვილი ელის პასუხს მისთვის უმნიშვნელოვანეს კითხვაზე: განაახლებს თუ არა ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება, მისი შვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე, დიდი ხნის წინ შეწყვეტილ გამოძიებას.
შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული და მალევე ცინიკური მიზეზით შეწყვეტილი გამოძიების თაროდან ჩამოღებას, გენერალი გოგი თათუხაშვილი, იმ დასკვნის საფუძველზე ითხოვს, რომელიც დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს, გალინა კარმუშინას ეკუთვნის. საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის სკურპულოზურად შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ, ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევა არასრულფასოვანი და დაუსაბუთებელი იყო.
უამრავი სხვა ფაქტორის გარდა, გალინა კარმუშინა ყურადრებას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში არსებულ იმ ჩანაწერზეც ამახლვილებდა, რომლის თანახმადაც შალვა თათუხაშვილის გვამიდან აღებულ სისხლში 5, ხოლო შარდში 5,65 პრომილე ეთილის სპირტი იყო აღმოჩენილი. დამოუკიდებელი ექსპერტის მოსაზრებით, ეს უკიდურესად საეჭვო მონაცემები იყო.
ხუთი თვის წინ, როდესაც გამოძიების განახლების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში წერილი შეიტანეს, თათუხაშვილების ოჯახი თვლიდა, რომ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გამოძიების ვერსიას თავდაყირა აყენებდა, ახლადაღმოჩენილი გარემოება იყო, რაც ქართული კანონმდებლობის თანახმად გამოძიების განახლების საფუძველს წარმოადგენს.
ჯერჯერობით, პროკურატურის მხრიდან აბსოლუტური სიჩუმია იმ საქმეზეც, რომელსაც გენერალი გოგი თათუხაშვილი იმ ავბედითი ჯაჭვის გაგრძელებად მიიჩნევს, რომელიც 2007 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელების საეჭვო ვითარებებში დაღუპვის ფაქტებს უკავშირდება.
ბოჭორმის ქუჩის 12 ნომერში არსებულ სასროლეთში ძლიერი აფეთქების ხმა 7 აპრილს დაახლოებით დილის 12 საათზე გაისმა. აფეთქება, რომელმაც სამი ადამინის, მათ შორის 2008 წლის ომისა და და 2007 წლის კოდორის სპეცოპერაციის მონაწილის, იური ლომიძისა და კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თავდაპირველად გაზგაყვანილობის გაუმართაობას დაბრალდა, თუმცა გამოძიების ეს ვერსია, სპეციალისტების მიერ მალევე იქნა უარყოფილი.
“ბეთლგრაუნში” მომხდარი აფეთქებისას დაღუპილი პოლკოვნიკი იური ლომიძე მერვეა იმ სპეცრაზმელების ჩამონათვალში, რომლებიც 2007 წელს კოდორის ცნობილ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ და რომლებიც 2010 წლიდან მოყოლებული ან ძალადობრივი მეთოდებით ან გაურკვეველ ვითარებებში დაიღუპნენ.
როგორც ცნობილია, 2007 წლის 20 სექტემბერს, კოდორში კარგად დაგეგმილი და ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ქართველმა სპეცრაზმელებმა “გერეუს” ორი ოფიცრის იგორ მოზავატკინისა და არტურ დვორკინის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომლებიც ტყვარჩელის საწვრთნელი ბაზიდან კოდორის ხეობაში შემოპარულ სადაზვერვო - დივერსიულ ჯგუფს ხელმძღავენლობდნენ.
რუსი ოფიცრების ამგვარმა ლიკვიდაციამ მათი უფროსები ძალიან გაამწარა. მათ არ დაუტოვებიათ არც ერთი საერთაშორისო ტრიბუნა, საიდანაც საქართველოს მთავრობას საპეცოპერაციაში მონაწილე პირების სასტიკ დასჯას არ მოთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
რუსულმა სპეცსამსახურებმა მათთვის ჩვეულ ტერორისტულ მეთოდებს კოდორის სპეცოპერაციიდან სამი წლის თავზე მიმართეს. დაქირავებული ქართველების წყალობით, მათ პირველი მკვლელობა ბათუმში 2010 წლის ექვს მაისს განახორციელეს. საკუთარ ავტომობილში კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე დიმიტრი კორძაძე ააფეთქეს.
მაშინ გამოძიებამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და დაადგინა, რომ ამ აფეთქების უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, თუმცა კოდორის სპეცოპერაციასა და ამ აფეთქების შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ კიდევ ხუთ სპეცრაზმელს შორის პირველი პარალელი 2016 წელს იძულებით ემიგრაციაში წასულმა გიორგი ივანიძემ გაავლო. საეჭვო ავტოკატასტროფაში დაღუპული სპეცრაზმელის ივანე ივანიძის ძმამ, ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ექსკლუზიურ ინტერვიუში მაშინ უკვე დაღუპული ძმის მონათხრობი უამბო, რომელიც ამტკიცებდა, რომ პროკურატურაში კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე გამართულ მის დაკითხვას, რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები კურირებდნენ.
ამ შემთხვევიდან მალევე ივანე ივანიძე ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მის ავტომობილს კი წინა მარცხენა მხარეს ნატყვიარი ემჩნდეოდა. ივანე ივანიძე კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე მეხუთე სპეცრაზმელი იყო რომელიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპა ამის შემდეგ საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს ზვიად ლაგვილავა. 2016 წლის ივლისში კი აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე დღისით მზისით კოდორი 2007 წლის კიდევ ერთი მონაწილე არჩილ მამაგეიშვილი ჩაცხრილეს.