ოლიგარქის ძმის ბიზნეს ინტერესები და ხმაური ყაზბეგის გამზირზე | მოსახლეობა დახმარებას ითხოვს 

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ოლიგარქის ძმის ბიზნეს ინტერესებთან. თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, დღეს მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. ხალხმა ადგილზე მისულ მძიმე სამშენებლო ტექნიკას მუშაობის დაწყების შესაძლებლობა არ მისცა. პროტესტი "სქაი რეზიდენსის" მშენებლობას უკავშირდება.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძმის გავლენით პროექტის სართულიანობა ხელოვნურად გაიზარდა და ახალი კორპუსი მიმდებარე შენობებს საფრთხეს შეუქმნის. ოლიგარქის ძმის სახელი იმ ტერიტორიასაც უკავშირდება, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი - სწორედ ადიკო ივანიშვილი ფლობდა ნაკვეთს, სადაც ახლა მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.

ალექსანდრე ყაზბეგის 32ა -ში მდებარე კორპუსის მოსახლეობას, რომელოც უკვე თითქმის ერთი წელია მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებს და დახმარებას უშედეგოდ ითხოვს, დღეს დილით სრულიად გაურკვეველი პირები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად ძლიერი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უცხო მამაკაცები ცდილობდნენ ადგილობრივები გზიდან გადაეთრიათ და მძიმე ტექნიკისთვის სამნშენებლო სივრცე გაეთავისუფლებინათ. 

საპატრულო პოლიცია ადგილზე მხოლოდ გამოძახების შემდეგ მივიდა, მაგრამ სამართალდამცავებს არაფერი გაუკეთებიათ. ფიზიკური შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე განმეორდა, იქამდე სანამ ადგილობრივებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ არ გახდა. 

მძიმე ტექნიკამ ტერიტორია მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც იძულებული გახდნენ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა შეეტარებინათ. ადგილზე მობილიზებული უცნობი პირები კი ამბის გაშუქების შემდეგ მაყურებელმა ამოიცნო, იგივე ადამიანები იყვნენ მისული კომპანია "ევოლუშენ ჯორჯიასთანაც" და გაფიცულ თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი