რუსული კანონის შედეგები, თავდასხმები ოპონენტებზე და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე, პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, საპროტესტო აქციები - საერთაშორისო ორგანიზაცია „სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის“ 46 გვერდიან ანგარიშს აქვეყნებს.
კვლევაში გაანალიზებულია პრესისა და მედიის თავისუფლება ევროკავშირი წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2024 წლის პირველ ნახევარში პრესის თავისუფლება საგრძნობლად გაუარესდა და დაფიქსირდა ათობით დარღვევა, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.
საქართველოში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, პრესის თავისუფლება სწრაფად გაუარესდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. 3 აპრილს ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა რეპრესიული „უცხოელი აგენტის“ კანონპროექტის ხელახალი შემოღება სათაურით „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც პირველი მოსმენით გავიდა 2023 წელს, მაგრამ შემდგომ მოიხსნა ფართო პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო. ახალ კანონპროექტს , რომელიც სამი მოსმენით მიიღეს, მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისგან, მათ შორის MFRR-ის პარტნიორი ორგანიზაციებისგან. როგორც მიიჩნევა, კანონი ხელისუფლებას დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციისა და შეზღუდვის მძლავრ ინსტრუმენტს აძლევს ხელში, რაც საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას. " ნათქვამია ანგარიშში.