კვარიათის სანაპიროზე, სადაც მაქსიმუმ 26-30-მეტრიანი შენობის აშენება იყო დასაშვები, 70 მეტრის სიმაღლის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება - ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ პროექტის განხორციელებას შპს "ლიცი" გეგმავს და კომპანიამ
პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიას უკვე წარუდგინა.
როგორც გამოცემა წერს, სასტუმროს აშენება კაფე "რაკუშკების" მიმდებარედ იგეგმება - საპროექტო ტერიტორია 2370 კვადრატული მეტრია, ხოლო კონცეფციის ფარგლებში დასაგეგმარებელი ტერიტორია ოთხ მიწის ნაკვეთს მოიცავს და 7500 კვადრატული მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ პატარა ღელე ჩაედინება.
"ბათუმელების" ცნობით, კომპანიამ ზონაში დადგენილი კოეფიციენტის გადამეტება მოითხოვა:
"ასეთ შემთხვევაში კანონი საკომპენსაციო ღინისძიებაზე შეთანხმებას ითვალისწინებს. მერიას მიწის ნაკვეთის განაშენიანების გეგმის კონცეფციის მომზადებაზე დავალება გაცემული აქვს, შესაბამის ბრძანებას მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2024 წლის 20 მაისს მოაწერა ხელი.
ეს პროექტის რენდერია – კონცეფციის მიხედვით აქ 70 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ, დადგენილი პარამეტრებით კი 26-30 მეტრი სიმაღლის შენობის მშენებლობა იყო შესაძლებელი
კონცეფციაში კომპანია მიუთითებს, რომ მზად არის მერიას საკომპენსაციო ღონისძიებაზე შეუთანხმდეს: „დავაფინანსებ ან განვახორციელებ, რასაც მერია დამავალებსო“. კანონის შესაბამისად და ამ დრომდე არსებული პრაქტიკით მერია ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტს სთხოვს ხოლმე, თუმცა შეთანხმების საგანი სხვაც შეიძლება იყოს.
კონცეფციის მიხედვით 18-სართულიან შენობაში 370 აპარტამენტს მოაწყობენ, ამას დაემატება საზოგადოებრივი დანიშნულების, არასაცხოვრებელი ფართობი, დაახლოებით 4 000 კვადრატული მეტრი" - წერია "ბათუმელების" სტატიაში.
ფოტო: "ბათუმელები"