წნორში, ცივგომბორის ქედთან მთის ერთ-ერთი ფერდობი მოჭრილია, სადაც მესაკუთრე 4 კოტეჯს აშენებს და საძირკველიც უკვე ჩასხმული აქვს. მთავარ არხს წყარო უყვება, რომ მთის ეს ნაწილი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანს გიორგი ბენაშვილს ეკუთვნის, თუმცა მიწის ნაკვეთი ოფიციალურად, მაღალჩინოსნის დედაზე მანანა ბენაშვილზეა გაფორმებული.
ადგილი, სადაც საგვარეულო ზედაშეებია და წნორელები წლების განმავლობაში სალოცავად დადიან „ქართულმა ოცნებამ“ მათთან დაახლოებულ კერძო პირს დაურეგისტრირა. იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება ამ მთების ძირში, ულამაზესი ბუნების ყურებაში გაატარეს, არაფერი უკითხავთ.
წნორელებმა მუშებისგან გაიგეს, რომ გომბორის მთაზე კერძო მესაკუთრე 4 კოტეჯს აშენებს. ბეტონის საძირკველი უკვე ჩასხმულია.
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 3 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი მანანა ბენაშვილს მუნიციპალიტეტმა ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ დაურეგისტრირა. ჩვენი ინფორმაციით, მანანა ბენაშვილის შვილი გიორგი ბენაშვილი ძალოვან უწყებებში მუშაობს და ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია სწორედ ასე შეძლო. რამდენად კანონიერად მიმდინარეობს მშენებლობა, კითხვები ადგილობრივებსაც აქვთ.
ჩვენი ინფორმაციით, გომბორის ქედზე ფერდობის გამოჭრასა და მშენებლობის დაწყებას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა და მერიას განცხადებითაც მიმართეს, რის გამოც, მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა, პროცესები შეეჩერებინა. როგორც ირკვევა კერძო მესაკუთრემ ქედზე მასშტაბური მშენებლობა სავარაუდოდ ნებართვის გარეშე დაიწყო.
„მთავარ არხს“ კონფიდენციალური წყარო დაუკავშირდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ გიორგი ბენაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი დაეხმარა. წყაროს ცნობით, ე.წ. ხარებამ სიღნაღის მერს მალხაზ ბეგიაშვილს საკუთარი ხალხი მიუგზავნა, რის შემდეგაც ფერდობზე კოტეჯების მშენებლობა განახლდა.
რადგან სიღნაღის მერის წარმომადგენელმა ხარებას რაზმის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ვერც დაგვიდასტურა და ვერც უარყო, სიღნაღის მერთან შესახვედრად მერიაშიც მივედით. სამუშაო დღეს ადგილზე არც მერი, არც მერის პირველი მოადგილე და არც მეორე მოადგილე არ იმყოფებოდა.
როგორ და რის საფუძველზე დაირეგისტრირა გიორგი ბენაშვილმა გომბორის ქედზე მიწის ნაკვეთი, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს მშენებლობა, ამოწმებს თუ არა ზედამხედველობის სამსახური მიმდინარე პროცესებს, შეხვდა თუ არა ხარებას ხალხს და თუ შეხვდა რა შინაარსის საუბარი შედგა - ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა გვსურდა 30 000-კაციანი ქალაქის პირველი პირისგან. თუმცა როგორც აღმოჩნდა მერს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე