"ოცნების" დეპუტატი სოსიაშვილი ისტორიის სახელმძღვანელოს დაცენზურებას მისი მხრიდან კატეგორიულად გამორიცხავს. რუსული კანონისთვის ხმისმიმცემი დეპუტატი "მთავარ არხს" ეუბნება, რომ "გამჭვირვალობას ვებრძვით":
"რედაქტორობა ცენზორობას ნიშნავს? რის ცენზურის საფრთხე, რა ცენზურის საფრთხე. სისულელეებს ლაპარაკობთ... ჩემთვის ჩემი სამშობლოს ისტორია ყველაფერზე მაღლა დგას... რუსული კანონი თქვენი შეთითხნილი ამბავია, თქვენი გამოგონილია" - ამბობს სოსიაშვილი.
შეგახსენებთ, მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორი სწორედ ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი სოსიაშვილი იქნება. წიგნის ავტორი პროფესორი დიმიტრი შველიძე უნდა ყოფილიყო, თუმცა მან წიგნზე მუშაობა შეაჩერა.
ისტორიის ქრონოლოგია მე-12 კლასელებისთვის 2010-იანი წლებით სრულდება, შესაბამისად, სახელმძღვანელოში უნდა მოხვდეს 2008 წლის აგვისტოს ომი. "ქართული ოცნების" რიტორიკიდან გამომდინარე, განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს ისტორიის გადაწერის საფრთხე, რადგან სოსიაშვილი უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე მოვლენას სწორედ ისე დაარედაქტირებს, როგორ პროპაგანდასაც ოლიგარქის ხელისუფლება ეწევა.