ანტიკორუფციული ბიუროსა და სასამართლოს რეპრესიულმა ზომებმა „აირჩიე ევროპის” სამოქალაქო აქტივიზმი შეიძლება შეუძლებელი გახადონ | TI

გამოქვეყნდა:

ანტიკორუფციული ბიუროსა და სასამართლოს რეპრესიულმა ზომებმა „აირჩიე ევროპის” სამოქალაქო აქტივიზმი შეიძლება შეუძლებელი გახადონ - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და კრიტიკული მედიის, ასევე  „აირჩიე ევროპის” შევიწროების შემთხვევებს ეხმაურება:

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტად ინტენსიური ხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის შევიწროება ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და სასამართლოს მეშვეობით. ამჯერად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული საქმიანობის მაგალითებს წარმოვადგენთ.

ახლახანს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და შემდგომში სასამართლომ საჯარიმო სანქციები დაუწესეს ტელეკომპანიებს „მთავარს”, „ფორმულასა” და „პირველს”, რომლებმაც უარი განაცხადეს და სატელევიზიო ეთერიდან ამოიღეს „ქართული ოცნების” მიერ დაკვეთით შექმნილი  არაეთიკური, არაკეთილსინდისიერი და შეცდომაში შემყვანი სარეკლამო ვიდეო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიმართ სიძულვილის ენას შეიცავდა.

2024 წლის 6 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, „აირჩიე ევროპის” ხელმძღვანელების ხათუნა ლაგაზიძის, ლელა ჯეჯელავასა და სხვებისგან, აგრეთვე საქართველოს კომერციული ბანკებისგან ამ პირების ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. საქმე ეხება „აირჩიე ევროპის” მიერ 2024 წლის 11 ივლისს გამართულ პრეზენტაციას, რომლითაც ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში საქმიანობის გეგმა გამოაცხადა. ანტიკორუფციული ბიუროს მოსაზრებით, აღნიშნული პრეზენტაცია და მასთან დაკავშირებული სარეკლამო მასალები წარმოადგენს კანონით აკრძალულ შემოწირულებასთან გათანაბრებულ ხარჯს, რომელიც „აირჩიე ევროპამ” პარტიის, სავარაუდოდ „ქართული ოცნების” მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გასწია. სასამართლომ შუამდგომლობა იმავე დღეს დააკმაყოფილა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობაც და ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს ბრძანებაც კანონის მოთხოვნების დარღვევით იქნა შედგენილი. კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ არ მიუთითა და არც სასამართლომ დაადგინა, თუ რომელი პარტიის თუ განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სხვა პირის მონიტორინგის ფარგლებში იქნა აღნიშნული შუამდგომლობა წარდგენილი. ასევე არ იქნა დადგენილი, მართლაც წარმოადგენს თუ არა ზემოაღნიშნული პრეზენტაციისთვის გაწეული ხარჯი აკრძალულ შემოწირულებასთან გათანაბრებულ ხარჯს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიზნებისათვის. მოსალოდნელია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შემდეგი ნაბიჯი „აირჩიე ევროპის” ან/და მისი დამფუძნებლებისათვის ჯარიმების დაკისრება იქნება, რაც შეაფერხებს, თუ არა საერთოდ შეუძლებელს გახდის აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობას.

აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროსა და სასამართლოს უკანონო ქმედებები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებთან მუშაობის გაცხადებული გეგმის განხორციელების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, რაც ზიანს აყენებს 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზანს." აცხადებს TI.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი