ცენზურის მცდელობა და ისტორიის გადაწერის საფრთხეები - ამის შესახებ პედაგოგები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც გაიგეს, რომ განათლების სამინისტრომ მეთორმეტე კლასის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტირება რუსულ კანონზე ხელმომწერ დეპუტატ გიორგი სოსიაშვილს ერთპიროვნულად ჩააბარა. ისტორიის მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოზე მუშაობა ავტორებისა და გამომცემლობებისგან მალულად დაიწყო.
როგორც ირკვევა, გასულ წელს მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოების შედგენა კონკურსის წესით უნდა დაწყებულიყო, თუმცა განათლების სამინისტრომ გაზაფხულზე გრიფირების პროცესი მოულოდნელად შეაჩერა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდ,ა რომ საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი გიორგი სოსიაშვილის რედაქტორობით იწერება.
სახელმძღვანელოს მთავარი ავტორი თსუ-ს პროფესორი დიმიტრი შველიძე იყო, რომელსაც არც კი უთხრეს, რომ ეს პროცესი კონკურსის გვერდის ავლით, ავტორებისა და გამომცემლობების ჩართულობის გარეშე კეთდებოდა. მას შემდეგ კი რაც დიმიტრი შველიძემ ეს ყველაფერი გაიგო, წიგნის ავტორობაზე უარი თქვა.
მკვლევრები პრობლემას იმაშიც ხედავენ, რომ გიორგი სოსიაშვილის კვალიფიკაციაშიც ხედავენ, რადგან ის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის სპეციალისტია და საქართველოს უახლეს ისტორიაზე ნაკლები ცოდნა აქვს. მეორე მხრივ, გიორგი სოსიაშვილს არ აქვს სასკოლო სახელმძღვანელოზე მუშაობის გამოცდილება, არც მასწავლებელია და არც სასკოლო კვლევებთან აფილირებული.ერთადერთი რის გამოც რუსულ კანონზე ხელმომწერ დეპუტატს საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმძღავნელოს რედაქტირება ჩააბარეს მისი პოლიტიკური შეხედულებებია, თუმცა თავად სოსიაშივლი ამ ბრალდებებს უარყოფს.