გუშინდელ ბრიფინგამდე 1 დღით ადრე, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქეებმა, გავაგზავნეთ ფოსტის საშუალებით, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ფინანსური ინფორმაცია, ასე, რომ კანონთან ჩვენ სრულ შესაბამისობაში ვიმყოფებით, რასაც ვერ ვიტყვით კორუფციულ ბიუროსა და სასამართლოზე- "აირჩიე ევროპას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნას პასუხობს, მას კორუფციულ ბიუროდ მოიხსენიებს და ამბობს, რომ მოძრაობის წარმომადგენლების ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ბანკმა კუპრაშვილის უწყებას კანონდარღვევით სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გადასცა:
"6 სექტემბერს ჩვენ კორუფციული ბიუროდან გვეგზავნება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ბანკებიდან გამოითხოვეს ინფორმაცია აქ მჯდომი პარტიების [გამოდის, რომ ყველა პარტია ვართ] და ასევე ჩვენი, არასამთავრობო ორგანიზაცია "აირჩიე ევროპის" ისევე როგორც ყველა ინფორმაცია რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი ორგანიზაციის ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებთან.
საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს დააკმაყოფილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციომაც ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა და სწორედ ეს აბსურდული გადაწვეტილება, მიიღო, რომ თურმე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საჯაროდ გამოთქვამს თავის აზრს ხელისუფლებაზე, უნდა ჩაითვალოს პარტიად და დაუწესდეს შეზღუდვები.
გუშინ, კორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ატარებს ბრიფინგს, სადაც გვთხოვს იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე გამოთხოვილი ჰქონდათ 6 სექტემბერს უკანონოდ.
ჩვენ 20 სექტემბერს გავაგზავნეთ კორუფციული ბიუროს სახელზე განცხადება იმის თაობაზე, რომ წარვუდგენდით მოთხოვნილ ინფორმაციას და ამავე დროს, გამოვითხოვეთ მათგან ის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც უნდა დაწყებულიყო მონიტორინგი ჩვენი ფიზიკური პირების და აირჩიე ევროპის გარშემო. მსგავსი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა, მათ ეს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ, შესაბამისად, არ ჰქონდათ არც მონიტორინგის დაწყების უფლება და არც ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვის უფლება. გუშინ გვაცნობეს, რომ თურმე გუშინ იწყებდნენ ბანკებიდან ინფორმაციის გამოთხოვას, უფრო სწორად ჩვენ გვთხოვეს წარმოადგინეთ ინფორმაცია თქვენი საბანკო ანგარიშების შესახებო.
ჩვენ 6-შივე მივმართეთ ბანკებს, რომ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, ამიტომ მათ არ ჰქონდათ უფლება მიეცათ სააპელაციოს გადაწყვეტილებამდე ჩვენი საბანკო ანგარიშები კორუფციული ბიუროსთვის, მაგრამ ერთ- ერთმა ბანკმა 17 სექტემბერს, როგორც ჩანს უკანონოდ, არ დაელოდნენ სააპელაციოს გადაწყვეტილებას და მისცეს კორუფციულ ბიუროს ეს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, მათ ეს ყველაფერი კანონდარღვევით, კონსტიტუციის დარღვევით, ბანკების შესახებ კანონის დარღვევით, ეს ინფორმაცია პირადი ცხოვრების საიდუმლოს ინფორმაციაში გადის და ეს ინფორმაცია კორუფციულ ბიუროს უკვე აქვს და აქეთ გვამუნათებს 5 დღეში თუ არ მოგვაწვდით, ახალი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევსო" განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ "აირჩიე ევროპა" და TI "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და ფინანსური ანგარიშების გახსნისთვის 5 დღე მისცა.