კანონის სახელით გაჩეხილი ტყეები | სვანეთში უნიკალური ჯიშის ხეებს ჭრიან - ვიქტორ ჯაფარიძის შესაძლო გავლენები

გამოქვეყნდა:

სვანეთი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა - უკვე წლებია მესტიის სოფლებში  ტყეები კანონის სახელით, მასობრივად იჩეხება. გარემოს დამცველების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ტყეების ჭრა შეჩერდეს, მიუხედავად იმისა გაცემულია თუ არა ამისთვის ლიცენზია ან ნებართვა. 

"შაბათის მთავარმა" სვანეთის სოფლებში არაერთი სახერხი გადაიღო, სადაც ასობით ხის  მორია დასაწყობებული. 

ნაძვი, მუხა, რცხილა,  წიფელი -  ამ სახეობის მრავალწლოვან ხეებს სვანეთის ტყეებში ჭრიან, სახერხ საამქროებში დამუშავების შემდეგ კი  ფიცრებად ყიდიან. გამზადებული მასალა საამქროებიდან  სატვირთო მანქანებით გააქვთ. ამით კი მხოლოდ ის ადამიანები სარგებლობენ, რომლებმაც  კონკრეტული პირების დახმარებით  ეროვნული სატყეო სააგენტოდან ხეების მოჭრის ნებართვა მიიღეს.

სოფელ  ხაიშსა და იფარში სვანეთის ტყეებიდან  თითქმის ყოველდღიურად ასობით კუბური მეტრი ხე ტყე ჩამოაქვთ. საამქროებში დასაქმებულები ამტკიცებენ, რომ  ხეებს კანონიერად ჭრიან და ეს შესაძლოა ასეცაა, რადგან ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალური ნებართვის, ან გავლენიანი მფარველის გარეშე, ასე თამამად მუშაობა მცირე საწარმოებს გაუჭირდებოდათ. 

"შაბათის მთავარს" წყარო უყვება რომ,  სვანეთის სოფლებში  მოწყობილი ხის  საამქროების მუშაობას "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ლობირებს.  წყაროსავე ცნობით  ყველა საამქრო სადაც უნიკალური ჯიშის ხეების გადამუშავება ხდება, ლიცენზიებსა და ნებართვებს  სწორედ  ჯაფარიძის დახმარებით იღებს. სანაცვლოდ კი ხის ბიზნესიდან თავად ჯაფარიძეც სარგებლობს. 

ინფორმაციის გადამოწმება თავდაპირველად საამქროებში ვცადეთ და ვიკითხეთ - რა იციან ბიზნესში ვიქტორ ჯაფარიძის მონაწილეობის შესახებ. ინფორმაცია და დეპუტატთან კავშირები უარყვეს. 

პასუხების მისაღებად ჯაფარიძესაც დავუკავშირდით. დეპუტატი ამბობს, რომ სახერხების ბიზნესთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა გვიმტკიცებს, რომ  კანონს არავინ არღვევს.

სახელმწიფო უწყებები რომ შეთანხმებულად მოქმედებენ, ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ საამქროებში დასაქმებულები დამსაქმებლებზე ღიად არ საუბრობენ. 

სვანეთის სოფლებში  ხე-ტყის გადამამუშავებელი  არაერთი  საწარმო მუშაობს,   როგორც ჩანს  მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე  ზოგიერთი ახალი ამუშავებულია. 

საქართველოში   ხის მოჭრის ნებართვას  ეროვნული   სატყეო სააგენტო  გასცემს, შესაბამისად  კითხვებიც მათ დავუსვით.  რითი ხელმძღვანელობს   ეროვნული სატყეო სააგენტო  ნებართვების მასობრივად გაცემის დროს და გააზრებულია თუ არა მოსალოდნელი  რისკები?  

კითხვებზე  პასუხის მიღებას  სააგენტოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან, დაპირების მიუხედავად, მესამე დღეა უშედეგოდ  ველით. 

გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე სვანეთის ტყეს წლებია სწავლობს და არ გამორიცხავს რომ ადგილზე ხის საამქროები შესაბამისი ნებართვებით მუშაობენ, თუმცა ის სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე იმ საფრთხეების გათვალისწინებას სთხოვს, რაც უნიკალური ჯიშების მოჭრამ შეიძლება გამოიწვიოს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი