"ჩვენი ტერიტორიები ჩვენ ხელში არ არის, ომია აბა რა არის?!...თუ დავნებდებით ომი აღარ იქნება, მაგრამ ჩვენც აღარ ვიქნებით"... | მეუფე ნიკოლოზის აფხაზური ამბები

გამოქვეყნდა:

ომი, რომელიც დღემდე გრძელდება და ოკუპაცია, რომელიც ოკუპანტ რუსეთს 1 წუთითაც  არ შეუწყვეტია -  საქართველოს მთლიანობისთვის ყველას თავისი წილი ომი აქვს გამოვლილი. 

ახალქალაქისა, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აფხაზეთში იმ დროს იმყოფებოდა, როდესაც ოკუპანტისგან ცეცხლის წვიმა მოდიოდა. მღვდელმთავარი კი მეომრების გვერდით იყო და მათ ამხნევებდა. მეუფე ნიკოლოზი ფიქრობს რომ ომი არ დამთავრებულა, რადგან ოკუპანტები საქართველოს მიწაზე არიან, მცოცავი ოკუპაცია კი აქტიურად  გრძელდება. მეუფე ნიკოლოზი მაშინ მღვდლად ახალი ნაკურთხი იყო. მიტროპოლიტის მეხსიერებაში ამ ომიდან ბევრი კადრი და ადამიანი ჩარჩა. ახსოვს იუმორიც, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ზოგჯერ გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა და ახსოვს შეცდომებიც, რომლებიც თითქმის საბედისწერო აღმოჩნდა...

1993 წლის აღდგომა იყო ბოლო, როდესაც აფხაზეთში ქართველმა სასულიერო პირებმა სააღდგომო ლიტურგია აღავლინეს.

მეუფე ნიკოლოზი სასულიერო პირებთან ერთად აფხაზეთში სოხუმის დაცემამდე იყო, შემდეგ კი ჭუბერის უღელტეხილი დევნილებთან ერთად გადმოიარა...ფეხმოტეხილი 2 კვირა იყო ტყეში.

მეუფე ნიკოლოზი მთავარეპისკოპოსი აფხაზეთის ომიდან შვიდი წლის შემდეგ გახდა. ახალქალაქში ცხოვრება კი 2002 წელს დაიწყო.

რუსეთი საქართველოში 2008 წელს კიდევ ერთხელ შემოიჭრა. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდა ისევ ცდილობს, რომ ეს ომიც ეთნიკურ კონფლიქტად გაასაღოს, რამდენიმე კვირის წინ კი ვნახეთ მმართველი პარტიის ბოდიში ქალაქში, რომელიც რუსული ჭურვებით იბომბებოდა. 

მეუფე ნიკოლოზი ამაზე გვპასუხობს, რომ პოლიტიკურ განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს, მაგრამ მთელ ამ პროცესზე საკუთარი პოზიცია აქვს - თუ ლაპარაკია რომ ჩვენ დავუწყეთ რუსეთს ომი აბსურდია, რა უნდათ რუს ჯარებს ლომისაზე - ამბობს სასულიერი პირი. 

ოფიციალური ცნობებით აფხაზეთის ომში 9000- მდე ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1500-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აგვისტოს ომში 170 ქართველი ჯარისკაცი და 228 სამოქალაქო პირი მოკლეს. 

ორივე ომის შემოქმედი რუსეთია, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მიტაცებას მცოცავი ოკუპაციით აგრძელებს და ისევ კლავს საქართველოს მოქალაქეებს. შეცვლილია მხოლოდ ერთი რამ- საქართველოს მთავრობა ახლა ამას მშვიდობას ეძახის. მეუფე ნიკოლოზი კი რომელსაც აფხაზეთის ომი საკუთარი გმირებიანად კარგად ახსოვს, პოლიტიკოსების განცხადებებს არ აფასებს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სიტყვები, რომელიც ინტერვიუს ბოლოს გვითხრა ამ პროპაგანდის ზუსტი პასუხია - "თუ ომი მაინცდამაინც ის არის, რომ ტყვიის ხმა გაიგო არ ვიცი და ომი რას ნიშნავს? ომია აბა რა არის? არა გვყავს ელჩი, რატომ არა გვყავს? და ჩვენი ტერიტორიები ჩვენ ხელში არ არის ხო? ომია აბა რა არის?! თუ დავნებდებით და თუ დავთანხმდებით და თუ გავაჩუქებთ ამას, მაშინ აღარ იქნება ეს ომი, მაგრამ მაშინ ჩვენც აღარ ვიქნებით"...

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი