31 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღიდან, ანუ იმ დღიდან როდესაც სოხუმი დაეცა და რუსეთმა აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. საქართველოს მთლიანობისათვის ომში ფრონტის წინა ხაზზე ქართველებთან ერთად, უკრაინელებიც იბრძოდნენ.
იგორ მაზური 1993 წელს აფხაზეთში ცდილობდა ბოროტების იმპერიის შეჩერებას - "დღეს რუსები არიან აქ, ხვალ იქნებიან უკრაინაში, თუ ჩვენ აქ ვერ გავუძლებთ და მათ შეკავებას ვერ შევძლებთ. ჩვენი საერთო მტერი მოსკოვია" - ეს სიტყვები იგორ მაზურმა ჟურნალისტს 31 წლის წინ, აფხაზეთში უთხრა.
ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა, რუსეთი არ გაჩერებულა, ახლა უკრაინელი სამხედრო, რომელმაც ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ ომი სამი ათეული წლის წინ აფხაზეთში ქართველების დასახმარებლად დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ სამშობლოში იბრძვის...
უკრაინელი ერი იყო ერთადერთი ერი და უკრაინელი პრეზიდენტი - ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც იმ კრიტიკულ პერიოდში საქართველოს ეხმარებოდა. უკრაინულია ხომალდიც, რომელიც აფხაზეთის ომის ისტორიულ კადრებში ჩანს და რომელმაც ჯამში 2000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა.
ამ რაოდენობის ხალხი რომ აეყვანათ, ეკიპაჟის წევრებმა კუთვნილი ჯავშანტექნიკა სოხუმის სანაპიროზე დატოვეს. ხომალდს სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ უკრაინელებმა საკუთარ სამშობლოში დევნილებად ქცეული მოქალაქეების გადარჩენა მაინც შეძლეს.
აფხაზეთის ომის მთავარი გმირები კი უკრაინელი პილოტები არიან, რომლებსაც მოსახლეობის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით. ჩვენ რამდენიმე მათგანს ომის 30 წლის თავზე დავუკავშირდით და აფხაზეთის ომის გახსენება ვთხოვეთ...
უკრაინელ პილოტებს დევნილები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადმოჰყავდათ, ერთი მხრივ ვერტმფრენებს ოკუპანტები ესროდნენ, მეორე მხრივ კი მფრინავებს ხალხი ეცოდებოდათ და ამიტომ ვერტმფრენში დასაშვებზე სამჯერ მეტი მოქალაქე აჰყავდათ. მათი როლის შესახებ ყველაზე უკეთ აფხაზეთის ომში მყოფი სამხედრო ექიმები ყვებიან.
ჰუმანიტარული მნიშვნელობის გარდა ამ ომში უკრაინელების ყოფნას კიდევ სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, როგორც მებრძოლებისთვის, რომლებიც სამშობლოს მთლიანობას იცავდნენ, ასევე ადგილობრივებისთვისაც.
1993 წელს აფხაზეთში პირველად სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაცია ‘’უნა-უნსო“ს წევრები ჩავიდნენ, რომლებიც სახელწოდება „არგოს“ ქვეშ გაერთიანდნენ. უკრაინელი მოხალისეები სამოქალაქო თვითმფრინავებით ჩამოფრინდნენ და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ჩაებნენ.
აფხაზეთში რუსეთის წინააღმდეგ ომს რამდენიმე ათეული უკრაინელი შეეწირა. დაიღუპა „არგოს“ შვიდი მებრძოლი. მათი სახელები თბილისში, გმირთა მემორიალზეა დატანილი. საქართველოს მთავრობამ შვიდი უკრაინელი მებრძოლი ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა. მათ შორის იყო ლეონიდ ტკაჩუკი, რომელიც 19 წლის ფრონტზე, დაღუპვამდე ერთი დღით ადრე გახდა. ის აფხაზეთს მამასთან, სერგეი ტკაჩუკთან ერთად იცავდა.
სერგეი დარწმუნებული იყო, რომ საქართველო გაიმარჯვებდა სწორედ ამიტომ ომში დაღუპული შვილი სოხუმში, კურჩენკოს პარკში დაკრძალა. სოხუმის დაცემის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლმა რუსებმა საფლავები შეურაცხყვეს და ტრაქტორით გადაასწორეს. დანაწევრებული ცხედრის გადმოსვენება წითელმა ჯვარმა შარშან შეძლო, ახლა ლეონიდი ლვოვის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
რომ არა უკრაინელთა დახმარება მსხვერპლი აფხაზეთის ომში ბევრად უფრო დიდი იქნებოდა. ის რაც დაავიწყდა საქართველოს ახლანდელ მთავრობას ახსოვს ქართველ ხალხს. ახლა, როცა ქუჩაში გაკრული ბანერებით უკრაინელთა ტრაგედიას მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიად იყენებს უკრაინის ფრონტზე ისევ ასობით ქართველი იბრძვის, მათ შორის ამ ომის ყველაზე მნიშვნელოვან სპეცოპერაციებშიც.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი