სამეზობლო დავა სოლოლაკში | ქალი ამბობს, რომ ყოფილი სპეცრაზმელი ემუქრება და საფრთხეშია

გამოქვეყნდა:

სამეზობლო დავა, რომელიც წლებია გრძელდება-  ამბავი სოლოლაკში, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში ხდება. თამარ ჭელიძე "მთავარ არხს" უყვება, რომ მას მეზობელი სახლის გადაფორმების შესაძლებლობას წლებია არ აძლევს.  ვითარებას ის ფაქტი ამძიმებს, რომ მეზობელი ყოფილი სპეცრაზმელია, რომელსაც იარაღის ტარების უფლება აქვს და ახალგაზრდა ქალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. მუქარის დამადასტურებელ ვიდეო მტკიცებულება არსებობს. ქალმა კადრები რამდენიმე თვის წინ გადაიღო.

ჭელიძე პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოწერას სთხოვს, მეზობლები კი ფიქრობენ რომ ყოფილი სპეცრაზმელი, ზაზა ჯუღელი საშიშია და მას იარაღის ტარების უფლება უნდა ჩამოერთვას. 

ქალმა მუქარის შემდეგ პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, სასამართლომ კი ჯუღელს 1 თვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, რომელსაც მოქმედების ვადა ამოეწურა და იმის გათვალისწინებით რომ ჭელიძე და ჯუღელი მეზობლები არიან, ქალი ამბობს რომ საფრთხეს ყოველწამიერად გრძნობს და მუდმივ შიშში ცხოვრობს. 

ზაზა ჯუღელს ტელეფონით ვესაუბრეთ. ამბობს, რომ იმ ღამით როდესაც ჭელიძემ ვიდეოები გადაიღო გაბრაზებული და ანერვიულებული იყო. სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, არც ადვოკატის ნომერი მოგვცა, რომ სამართლებრივი დეტალების შესახებ გვეკითხა. 

სოლოლაკში  მდებარე იტალიურ ეზოში დაძაბულობა დიდი ხანია არის. იქ მცხოვრები სხვა ადამიანები ადასტურებენ, რომ ჯუღელსა და ჭელიძეს შორის დაპირისპირება ბევრჯერ მოხდა.  

თამარ ჭელიძე, რომელიც წლების განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდა, გვიყვება იმ დავის შესახებ, რომელსაც კონფლიქტი მოჰყვა. ქალი ამტკიცებს, რომ წლებია ბევრი უწყების თუ ინსტანციის გავლით ეცადა დანგრევის პირას მყოფი სახლი გაემაგრებინა და შეენარჩუნებინა, ახლა კი როდესაც საბოლოოდ საჯარო რეესტრში დოკუმენტების გაფორმების დრო მოვიდა, მეზობლების ნაწილი, მათ შორის  ზაზა ჯუღელი და ასევე შოთა ახვლედიანიც, რომელიც მისივე ინფორმაციით მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს, ხელს უშლიან. 

თამარ ჭელიძემ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად საქალაქო სასამართლოს მიმართა. ითხოვს, რომ ზაზა ჯუღელს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივონ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი