საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ აგრძელებს მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების შენობაში და სხდომაზე არ დაშვების უკანონო პრაქტიკას, რაც ართულებს ორგანიზაციების მუშაობას და საზოგადოებას ართმევს უფლებას იყოს ინფორმირებული სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე.
მათივე ცნობთ, საბჭო არ უზრუნველყოფს იმ აუცილებელი გამჭვირვალეობის პრინციპებს, რომლითაც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ აგრძელებს მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების შენობაში და სხდომაზე არ დაშვების უკანონო პრაქტიკას, რაც არსებითად ართულებს ორგანიზაციების მუშაობას და საზოგადოებას ართმევს უფლებას იყოს ინფორმირებული სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულების საფუძველზე, 2024 წლის ივლისის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობაში და სხდომის დარბაზში არ უშვებენ. 30 სექტემბრის სხდომაზე, რომელიც 14 საათზე იყო დანიშნული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ სხდომის დაწყებას შენობის გარეთ უნდა დალოდებოდნენ და სხდომის დაწყების შემდეგ, შენობის ფოიეში დადგმულ ეკრანზე იქნებოდა შესაძლებელი სხდომის ყურება. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, შენობაში შესვლა, მხოლოდ საკითხით მედიის დაინტერესების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ფოიეში შესვლისას, გაირკვა, რომ სხდომა უკვე მიმდინარეობდა და საბჭო ისეთ საკითხს განიხილავდა, რომელიც გამოქვეყნებული დღის წესრიგით არ იყო გათვალისწინებული. მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების შენობაში შესვლიდან ხუთ წუთში, გაურკვეველი მიზეზით შეწყდა სხდომის ტრანსლირება და აღარ განახლებულა. როგორც გაირკვა, საბჭოში ახალდანიშნული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი მიმდინარეობდა, რომლებიც საბჭოში ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ მიწვეული.
ძალაუფლების ის მასშტაბები, რომლებითაც საბჭო სარგებლობს, აუცილებლად უნდა ბალანსდებოდეს ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმებით. საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება - გამჭვირვალობაა. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბოლო წლებია სრულად დახურულ უწყებად იქცა:
- საბჭო არ უშვებს მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობაში და სხდომის დარბაზში;
- არ გასცემს საჯარო ინფორმაციებს;
- არ აქვეყნებს სხდომის ოქმებს;
- სხდომების შესახებ ინფორმაციას 3 დღით ადრე გამოქვეყნების ნაცვლად, მხოლოდ სხდომის წინა საღამოს აქვეყნებს.
- საბჭო თვეებია იდენტურ და ბუნდოვან დღის წესრიგებს აქვეყნებს. შეუძლებელია, დაინტერესებულმა პირმა წინასწარ განსაზღვროს სხდომაზე განსახილველი საკითხები და მათი შინაარსი.
კანონის უგულებელყოფა, ანგარიშვალდებულების არარსებობა და საბჭოს თავნებობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სისტემაში გადაწყვეტილებები გავლენიანი პირების ნება-სურვილით მიიღება", - წერს საია.