"2 თვეა მშივრები დავდივართ" | ხაშურის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული მძიმე ტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ

გამოქვეყნდა:

ხაშურის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული მძიმე ტექნიკის მძღოლები გაიფიცნენ. მიზეზი დამსაქმებელი კომპანიის მიერ 2 თვით დაგვიანებული ხელფასია. დღეს, დილიდან გაფიცვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა მძღოლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის.

გაფიცულების თქმით, მათ უკვე 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ, დღეს კი ნაწილი ჩაურიცხეს, რომ გაეჩუმებინათ, თუმცა ისინი მთლიანი დავალიანების გასწორებას მოითხოვენ რის შემდეგაც მუშაობას გააგრძელებენ.

"2 თვეა მშივრები დავდივართ... კაპიკი არ აგვიღია. ხელფასებს გვპირდებიან - დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ...გვატყუებენ. დღეს ნახევარი ჩაურიცხეს ბიჭებს, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ვითხოვთ რომ გასწორდეს  მთლიანი 2 თვის" ამბობს დასაქმებული 

მძღოლების თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ეუბნებიან, რომ ხელისუფლებისგან ფული არ ჩარიცხვიათ, რის გამოც ვერ ახერხებენ ხელფასების გადახდას და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან, რასაც კომპანიის წარმომადგენელი უარყოფს.

"კონკრეტულ მიზეზებზე მე არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ რაღაც ფინანსური პრობლემა წარმოიშვა და უმოკლეს ვადაში, აფიქსირებს ხელმძღვანელობა, რომ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემები. ეგ ინფორმაცია გადასამოწმებელია, ხელისუფლებაზე პრობლემა არ არის მაგ [ფულის] კუთხით, ხელისუფლების მხარდაჭერას გრძნობს ჩვენი კომპანია ყოველთვის, არავის არავინ არ ემუქრება, თვითონ გადაამოწმებთ, რომ არავის არ გაუშვებენ," - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

მრავალმილიონიანი პროექტი სამი წლის წინ დაიწყო, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ევროკავშირი აფინანსებს. წყალმომარაგების პროექტზე თურქული კომპანია "იდას", ქვეკონტრაქტორი "ადესი" მუშაობს. ამ დროისთვის, სამუშაოები სრულად შეჩერებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი