საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა, ანა კობახიძემ ბრიფინგზე წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელმძღვანელები და არაფორმალური ჯგუფები თანამშრომლებს პირადი მონაცემების გაზიარებას სთხოვენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
ანა კობახიძემ ცესკო-ს მოუწოდა ჩაატაროს მკაცრი ინფორმირების კამპანია, იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველმა პირადი ინფორმაცია არავის გაუზიაროს.
"სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი უშუალო ხელმძღვანელები და ასევე გამგეობაში შექმნილი არაფორმალური ჯგუფები, თანამშრომლებს თავიანთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სთხოვენ, იწერენ მათ პირად მონაცემებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა და დეტალურად შევისწავლით თითოეულ მუნიციპალიტეტს, იქამდე კი მინდა, გავაფრთხილო და მოვუწოდო საჯარო სამსახურის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელებს, რომ ასეთი ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშაული.
განსაკუთრებით იმ პირადი სახის ინფორმაციის გადაცემა, რომელიც შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ვგულისხმობ, სახელი, გვარი, პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, ასეთი ინფორმაციის მოთხოვნა პირისთვის იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ მონაცემების გამოყენებას კონკრეტული პირი არჩევნებზე მანიპულაციებისთვის ცდილობს.
ასევე, სისხლის სამართლის დანაშაულია დოკუმენტის ჩამორთმევა, რის შემდეგაც ამომრჩეველს არ ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
პარალელურად, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას ვთხოვ ჩაატაროს მკაცრი ინფორმირების კამპანია, იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველმა არასდროს უნდა გაუზიაროს ინფორმაცია სხვა პირს, რა ინფორმაციაც არის საარჩევნო სიებში და რომელიც პირის პერსონალური ინფორმაციაა," - განაცხადა ანა კობახიძემ.