ხმის უფლების გარეშე დარჩენილი დევნილი ემიგრანტები - საარჩევნო ადმინისტრაციაში არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ეუბნებიან საზღვარგარეთ მყოფ დევნილებს, ვისაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ უფიქსირდებათ და რეგისტრაციის ადგილად აფხაზეთი აქვთ მითითებული.
ეს გადაწყვეტილება იძულებით გადაადგილებული ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, რადგან მათ ხელისუფლების არგუმენტი უჩენთ განცდას, რომ ქართული ოცნება დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად აღარ თვლის:
"ფაქტობრივი მისამართი გაქვთო პრობლემა საქართველოში. უბრალოდ მე არ მესმის რატომ არ შეიძლება რეგისტრაცია მქონდეს, ჩემთვის აფხაზეთი არის საქართველო; იგივე, როგორც მითხრეს, თქვენს მეუღლეს ხომ უწერია თბილისის მისამართიო. ანუ, გამოდის, რომ აფხაზეთი აღარ არის საქართველო?! ეშინიათ, რომ უბრალოდ ჩვენგან ხმას ვერ მიიღებენ ნამდვილად. იმიტომ, რომ ჩვენ კარად ვხედავთ რაც ხდება" ამბობს "მთავარ არხთან" საუბარში იანა პოპოვა, საფრანგეთში მცხოვრები დევნილი ემიგრანტი.