ხმაური 83-ე საჯარო სკოლასთან. მოსწავლეები და მშობლები დაუმთავრებელ მშენებლობას აპროტესტებენ.
ეს ის სკოლაა, რომელიც სარეაბილიტაციო პროექტში მოყვა და წესით მის ადგილას ახალი შენობა უნდა აეშენებინათ. შენობის ნაცვლად, უკვე ოთხი წელია, ნანგრევებია. მოზარდებს კი განათლების მიღება სახლებისგან მოშორებით, სხვა სკოლებში უწევთ, რაც დამატებით პრობლემებსაც ქმნის. ასევე მოსწავლეების ნაწილს სწავლის პროცესი ონლაინ უტარდებათ.
"ვეძებთ ვინმე კომპენტენტურ პირს, ვინც გაგვცემს ზუსტ პასუხს - გვეღირსება თუ არა 83-ე სკოლა, რათა ჩვენმა შვილებმა შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება. უფასო განათლება ხომ გვეკუთვნის?! სასწაულს ხომ არ ვითხოვთ?! გვინდა ჩვენმა შვილებმა მიიღონ უფასო, სრულფასოვანი განათლება და არ იყვნენ სახლებში გამოკეტილები. ელემენტარული სოციალიზაციის პრობლემაა. ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. მომავალი თაობა ზის სახლში და იღებს ონლაინ განათლებას" - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
მშობლების ინფორმაციით, მათ შვილებს გაკვეთილები ზოგჯერ სპორტდარბაზში და დერეფანშიც უტარდებათ, რადგან იმ სკოლებში, სადაც გადაანაწილეს, ადგილი არ ჰყოფნით.