"მთავარი არხის", "ტვ პირველის" და "ფორმულას" მიმართ “ოცნების” პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა | მედიაკოალიცია

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი მედია საშუალებების - მთავარი არხის, ტვ პირველის და ტელეკომპანია ფორმულას - მიმართ “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა - ნათქვამია "მედიის ადვოკატირების კოალიციის" განცხადებაში.

"მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს „ქართული ოცნების“, ქმედებებს, რომელიც ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის. დამოუკიდებელი მედია საშუალებების - მთავარი არხის, ტვ პირველის და ტელეკომპანია ფორმულას - მიმართ “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.

“ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა. მძიმე ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედია საშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“. აცხადებს კოალიცია.

"ქართული ოცნება" კრიტიკულ მედიას საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის  გამოყენებული უკრაინის ტრაგედიის ამსახველი ბანერების  ეთერში გაშვებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი  "მთავარ არხს", "ტვ-პირველსა" და "ფორმულას" სოლიდური ჯარიმით ემუქრება,  რის გამოც , ეს  არხები, შესაძლოა, საქმიანობის შეჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. 

კრიტიკული ტელევიზიები ქართული ოცნების რუსული პროპაგანდისთვის  ხელის შეწყობას არ აპირებენ  და უარს ამბობენ ოცნების წინასაარჩევნო კამპანიისთვის  გამოყენებული უკრაინის ტრაგედიის ამსახველი ბანერების ეთერში  განთავსებაზე.

სამი ტელეკომპანია  ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას,  დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებს. 
 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი