"-პრობლემები გინდათ?
-ჩვენ უბრალოდ მოვდიოდით და თქვენ ჩვენს მეგობარს იჭერთ.
- მე ახლა დაურეკავ ჩემს ადვოკატს.
-მე გეუბნებით,რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები.
- დარეკე
- დავრეკავ, ახლა თქვენ პრობლემები გექნებათ."
ვიდეო ერთ-ერთმა გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ Spiegel-მა სოციალურ ქსელში გავრცელა. საგამოძიებო რეპორტაჟში ჰამბურგის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების სამუშაო დღეა ასახული. Spiegel-ის ვიდეოს ერთი ეპიზოდი კი მცირე ინციდენტს ეხება, რომელშიც ქართველი ახალგაზრდები ფიგურირებენ.
გერმანული გამოცემის საგამოძიებო რეპორტაჟმა „შაბათის მთვარის“ ყურადღება რამდენიმე გარემოების გამო მიიქცია. მთავარი რა თქმა უნდა იყო ის რომ ვიდეოში ქართველი ახალგაზრდები ფიგურირებენ, რომლებიც ჰამბურგის პოლიციასთან დაპირისპირებაში იყვნენ. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გერმანული რეპორტაჟის ის ნაწილი, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა პოლიციელებთან კამათისას რამდენჯერმე ახსნებს საქართველოს პარლამენტს და გერმანელ პოლიციას მუქარის ტონით ესაუბრება.
გერმანული გამოცემის ვიდეოში ტურისტების სახეები დაფარულია, თუმცა „შაბათის მთავარს“ რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო უდასტურებს, რომ დაპირისპირების მონაწილე ერთ-ერთი ახალგაზრდა, საქართველოს პარლამენტარის წევრის ბექა ოდიშარიას უფროსი ვაჟი - 22 წლის ლაშა ოდიშარიაა. წყაროს ინფორმაციით ჰამბურგის პოლიციასთან შელაპარაკებაში მონაწილეობას ასევე იღებდა ქართული ოცნების გურიის დელეგატის ვასილ ჩიგოგიძის ვაჟიც. ჩიგოგიძე გვიმტკიცებს რომ ინფორმაცია ჩვენგან გაიგო.
ზაფხულში მომხდარი ამ დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია აქვთ მშობლებსაც. რუსული კანონის მხარდამჭერი და ქალების მაგინებელი დეპუტატი ბექა ოდიშარია ადასტურებს, რომ ვიდეოში ნამდვილად მისი შვილია თუმცა ამბობს, რომ ლაშასა და პოლიციელს შორის გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რაც მალევე მოგვარდა.
გერმანელ სამართალდამცველებთან მომხდარ უთანხმოებას "შაბათის მთავარს“ უდასტურებს ბექა ოდიშარიას მეუღლე მაკუნა გამცემლიძეც. მისი თქმით, ისინი ზაფხულში ქალაქ ჰამბურგში საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ იყვნენ. მაკუნა გამცემლიძე ამბობს, რომ პოლიციას მისი შვილი და მასთან ერთად მყოფები, სხვა პირებში აერია და შეცდომით აკავებდნენ.
არსებული ინფორმაციით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების შვილებს კანონი ნამდვილად არ დაურღვევიათ და მათ წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამართლებრივი პროცესი გერმანიაში არ დაწყებულა.
ქონება
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაცია შთამბეჭდავად გამოიყურება.
წყნეთში სატყეოს ტერიტორიაზე მდებარე სამსართულინი სახლი მანსარდით, საზაფხულო სივრცითა და სარდაფით ტყის შუაგულში "ოცნების" გურიის დელეგატსა და 2 მოწვევის პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძეს ეკუთვნის.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტერიტორიის საერთო ფართი 600 კვადრატული მეტრია. ტყის შუაგულში მდებარე სახლს დიდი გალავანი და რამდენიმე აივანი აქვს. ეზოს დიდი ნაწილი კი ძვირადღირებული მცენარეებითაა გამწვანებული.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ოცნების დელეგატი თბილისსა და რეგიონებში 2 მილიონ ლარზე მეტ უძრავ ქონებას ფლობს. მის საკუთრებაშია რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდებიც.
მას კიდევ ერთი სახლი საგურამოში აქვს - ესეც ტყის შუაგულში. რამდენიმე სართულიან სახლს აქვს, საზაფხულო ვერანდები და დიდი გალავნით არის შემოსაზღვრული. გამწვანებულ ეზოში რამდენიმე შენობა - ნაგებობა დგას. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ჩიგოგიძემ მიწის ფართობი 2018 წელს მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა საჯარო მოხელეს დოკუმენტში არ უწერია - ვისგან.
შთამბეჭდავია ბექა ოდიშარიას ქონებაც. ორგზის პარლამენტარი ქართული ოცნების სიაში აღარ არის, თუმცა უკვე შევსებული დეკლარაციებით ის მმართველი გუნდის მილიონერ წევრად რჩება. ოდიშარიას ბოლო დეკლარაცია 18 გვერდიანია და მისი დიდი ნაწილი უძრავ ქონებებს, ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებსა და კუთვნილი კომპანიებს აღწერს.
თბილისის თავზე, ისტორიულ ადგილას საცხოვრებელ კორპუსში ბექა ოდიშარია რამდენიმე ბინის მესაკუთრეა. კორპუსს აქვს საცურაო აუზიც, საიდანაც ხედები მთელ თბილისზე იშლება, ეზოში დიდი ადგილი კალათბურთის მოედანსა და სავარჯიშო სივრცეს უკავია. გამწვანებული სივრცე რკინის გალავნით არის შემოსაზღვრული და კარს დიდი ბოქლომი ადევს.
ოდიშარიას საკუთრებაშია ბათუმში, ადლიას დასახლებაში მდებარე 45 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზღვასთან ახლოს.
დეპუტატის 22 წლის შვილი ლაშა ოდიშარია სოციალურ ქსელებში თითქმის არ აქტიურობს, ინტერნეტში ღია წყაროებით მისი სულ რამდენიმე ფოტო იძებნება, საიდანაც ირკვევა, რომ დეპუტატის ვაჟი რაგბის თამაშობს და იყო 18 წლამდე ნაკრების წევრი. ის სავარაუდოდ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იღებს უმაღლეს განათლებას.