ქონება, რომელზეც თეიმურაზ კუპატაძე საუბრობს ტყეში შეჭრილი 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთია სხალ-ტბაში, თბილისიდან 30 კილომეტრში, საუკეთესო ხედით. ეს მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ სახელმწიფოს ბალანსზე იყო, ახლა კი გიორგი კვარაცხელიას პირადი საკუთრებაა. ჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ მოახერხა ეს პირმა, რომლის სახელზეც სხვა ქონება არ ფიქსირდება.
გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ მისამართზე გუშინ ვიყავით, თავად სახლში არ დაგვხვდა, მაგრამ მისი მშობლები არც მეტი არც ნაკლები კრიმინალური პოლიციის უფროსით დაგვემუქრნენ.
ბოლომდე ვერ გავიგეთ სად მუშაობს თავად გიორგი კვარაცხელია, მან ჩვენს არცერთ ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა. სამაგიეროდ გავიგეთ, რომ თეიმურაზ კუპატაძის ნათესავია. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მხოლოდ მას შემდეგ დაგვიდასტურა, რაც ვუთხარით, რომ მათი ახლობლობის შესახებ კვარაცხელიებისგან უკვე ვიცოდით.
სხალტბაში, 6 ჰექტრი ნაკვეთის გვერდით მიწა თავად კრიმინალური პოლიციის უფროსს თეიმურაზ კუპატაძესაც აქვს, მისი ტერიტორია შედარებით მცირეა, სულ 1000 კვადრატი, რომელიც სახელმწიფოსგან საბაზრო ფასზე ბევრად უფრო ნაკლებად იყიდა. გიორგი კვარაცხელიამ კი ჰექტრობით ტერიტორია სახელმწიფოს სხვა მიწის ნაკვეთში გაუცვალა.
დოკუმენტებით დგინდება, რომ გიორგი კვარაცხელიამ სამთავროს მონასტრის უკან მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც 779 კვადრატული მეტრია და რომელსაც ვერასდროს გამოიყენებდა, მითუმეტეს იქ ვერაფერს ააშენებდა, სახელმწიფოს 60 ათას 591 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაში გაუცვალა.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალზე სხალტბაში კვადრატული მიწა 25 დოლარი ღირს, გამოდის, რომ გიორგი კვარაცხელიას მიწის ნაკვეთის ფასი მილიონ 514 ათას 775 ათასი დოლარია. სამთავროს უკან კი სულ რამდენიმე დღის წინ კვადრატული მეტრი მიწა 15 დოლარად გაიყიდა, თეიმურაზ კუპატაძის ნათესავმა მიწა სახელმწიფოს მილიონ 503 ათას 90 დოლარით უფრო ძვირ ქონებაში გაუცვალა.
გიორგი კვარაცხელიას მიწის ნაკვეთი პირად საკუთრებაში 2023 წლის 10 მაისს გადაეცა, ერთ თვეში უკვე ამერიკაში იყო ამ სოფლის მაშინდელი გამგებელი ზაზა როსტიაშვილი. ადგილობრივებს გაუჩნდათ ეჭვი,რომ მერის წარმომადგენელმა დაკავებული თანამდებობა ვადაზე ადრე სწორედ სახელმწიფო მიწების გასხვისების გამო დატოვა, გაჩნდა კითხვები, რადგან მერის წარმომადგენელი წეროვანში ოჯახით ახლობლობდა დიმიტრი ხუნდაძესთან.
ზაზა როსტიაშვილის მეუღლეს კამერებთან საუბარი არ სურს, მიწის გასხვისების და ამის გამო მეუღლის ქვეყნიდან გაქცევის შესახებ ინფორმაციას კი უარყოფს.
დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც ადგილმონაცვლეობით ისარგებლა. დეპუტატმა მცხეთის არქეოლოგიურ ნაწილში მდებარე 600 კვადრატული მეტრი მიწა სახელმწიფოს 1050 კვადრატულ მეტრ ნაკვეთში გაუცვალა. მტკვრის პირას, მცხეთის სამხედრო ნაწილთან ახლოს. მაშინ დეპუტატმა დაწერა, რომ ამ გადაწყვეტილებით სხვა მცხეთელებს, ვისაც ნაკვეთი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აქვს ამ ტერიტორიის დათმობის მაგალითი მისცა.
სამაგიეროდ მორატორიუმს ქართული ოცნების დელეგატისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ასევე მცხეთის ისტორიულ ნაწილში, სადაც ყველა სახის მშენებლობა აკრძალულია პირდაპირ გზის პირას 2-სართულიანი ნაგებობა აეშენებინა მანსარდით. სავარაუდოდ კორპუსი, რომელშიც ადრე ხუნდაძე ცხოვრობდა ახალ აშენებულ ნაგებობასთან დიდ კონტრასტს ქმნიდა, ამიტომ მისი რეაბილიტაცია დაიწყეს.
დიმიტრი ხუნდაძე ზარებზე არ გვპასუხობს, მისთვის კითხვების დასასმელად ჯერ ქართული ოცნების მცხეთის ოფისში მივედით, შემდეგ კი დელეგატის კუთვნილ ბინაში.
ადგილმონაცვლეობა სახელმწიფო ქონების მითვისების ახალი მეთოდია, წარსულში მცხეთელი მაღალჩინოსანი სხვა მეთოდებს იყენებდა. ასე გაფორმდა 2020 წელს მცხეთის სარეკრეაციო ზონაში 2685 კვადრატული მეტრი მიწა ხუნდაძის მძღოლზე - ზაზა ურთაშვილზე, რომელსაც აქ წესით მეურნეობა უნდა მოეწყო, მაგრამ მედიაში ამ ამბის გავრცელების შემდეგ ტერიტორია დაუყოვნებლივ გაყიდა. გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთები კი მცხეთის მერის ახლანდელმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა და მამამისმა გაიფორმეს. აქ წესით უკვე უნდა იყოს გიუტაშვილების ოჯახის სასოფლო მეურნეობა, მაგრამ ტერიტორია ცარიელია.
გივი გიუტაშვილი უკვე მრავალი წელია მცხეთაში საჯარო სამსახურში მუშაობს. ის დიმიტრი ხუნდაძის მეზობელი, მეგობარი და ოჯახის ახლობელია. სოციალურ ქსელში იძებნება გიუტაშვილებისა და ხუნდაძეების ოჯახური ფოტოები და ასევე სურათები მათი მეუღლეების საერთო მოგზაურობებიდან.
წლიდან წლამდე იზრდება დიმიტრი ხუნდაძის დეკლარირებული ქონებაც და ისიც, რასაც სავარაუდოდ ოცნების ახლანდელი დელეგატი გარემოცვის სახელზე აფორმებს. და ახლა, სანამ ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროებს არკვევს მცხეთას სულ უფრო მეტი ახალი ფეოდალი ჰყავს.
ავტორი: მაგდა მაისურაძე