აქცია-პერფორმანსი ქუთაისში | მონაწილეებმა "ოცნების" მიერ დაპირებულ პროექტებზე ძებნა გამოაცხადეს

გამოქვეყნდა:

მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ინიციატივით ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. მონაწილეებმა "ქართული ოცნების" მიერ დაპირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ძებნა გამოაცხადეს. სამოქალაქო აქტივისტები ფანრებით ხელში, ქალაქში იმ პროექტებს ეძებდნენ, რომლის მშენებლობის დაპირებაც ხელისუფლებამ წლების წინ გასცა და რომელთა სამუშაოებიც ახლა უკვე დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ძებნა უშედეგოდ დასრულდა.

აქციის მონაწილეები ეძებდნენ დაპირებულ ელექტრომობილების ქარხანას, რეაბილიტირებულ რიონისპირა სახლებს, საპოლიციო ჰაბს და ა. შ. სანაცვლოდ მათ უფუნქციოდ დატოვებული პარლამენტის შენობა, გაუქმებული მთავრობის სახლის შენობა და ა.შ. იპოვეს.

"პოლიტიკური ეპატაჟის მამა დიოგენე, დღისით, მზისით, ათენის გადაჭედილ ქუჩებში ფანრით ხელში დადიოდა და ამბობდა, რომ ეძებდა ადამიანს. ეს იყო ერთგვარი შეგონება იმისა, თუ რამდენად რთულია იპოვო ადამიანი თავისი ღირებულებებით, თავისი მორალით, თავისი ადამიანობით.

დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, ქუთაისელები ვეძებთ ქუთაისში ისეთ პროექტებს, რომლებიც შეგვპირდა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ვეძებთ ასევე განახევრებულ ტარიფებს, გასაოცარ დემოკრატიას, რომლითაც ევროპასაც ვაოცებდით და ვეძებთ საუკეთესო მეოთხე წელს," - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, მაკა ხეცურიანი.

ბოლო 12 წლის განმავლობაში ქუთაისში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 30 000-ით შემცირდა, შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობით მუნიციპალიტეტმა მეორიდან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მოძრაობის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსის დროს მოქალაქეებს მოუწოდეს არჩევნებში ისეთ პოლიტიკურ პარტიას დაუჭირონ მხარი, რომლებიც ევროინტეგრაციის კურსის და ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას მოითხოვენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი