ორი ურთულესი ოპერაცია, დაუჯერებელი შედეგი და სრულიად გამოჯანმრთელებული 2 წლის ლაზარე. პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე კალანტაროვმა უნიკალური ოპერაციები ჩაატარა და ლაზარეს ახლა სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.
10 თვის წინ ოზურგეთში, სოფელ მერიაში პიტბულმა ძმები ნაკაშიძეები დაგლიჯა. მაშინ უმძიმესი იყო 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა, რომელსაც დაზიანებები თავზე ჰქონდა მიღებული. მცირეწლოვანმა, მისმა ოჯახმა და ექიმებმა ურთულესი გზა გაიარეს.
თავის ქალის რეკონსტრუქციული ოპერაციები ორ ნაწილად გაიყო. თითო ოპერაცია 2 წლის ლაზარეს საშუალოდ 14 საათი უტარდებოდა. გადასანერგი კანის ნიმუში ექიმმა ბავშვის ზურგიდან აიღო და თავდაპირველად თავის ქალის მარცხენა ნახევარ სფეროზე გადანერგა. მეორე ოპერაციისას შეივსო მარჯვენა ნაწილიც. ქირურგი გვიყვება, რომ ოპერაციისას ყველაზე რთული ვენებისა და არტერიების ერთმანეთთან მიერთება იყო, რაც გადანერგილი ქსოვილის ახალი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია. ალექსანდრე კალანტაროვის ინფორმაციით ამ გამოწვევას მისმა გუნდმა თავი წარმატებით გაართვა.
უნიკალური ოპერაცია, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქირურგი ატარებს საქართველოშიც წარმატებით დასრულდა. გასაოცარი ესთეტიური შედეგი ლაზარეს თავის ქალაზე უკვე თვალსაჩინოა. მას არ აქვს არანაირი დეფექტი და მალე ბავშვის თავის ქალა, რომელზეც ახალი კანია გადანერგილი მთლიანად თმით დაიფარება. ახლა ლაზარე რეაბილიტაციის ბოლო საფეხურს გადის.
ავტორი: მაგდა მაისურაძე