ბიზნესმენმა ალექსანდრე ბარათაშვილმა, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისი ოთხი კომპანიის სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში მოხვედრის შემდეგ, მეხუთე კომპანია დააარსა და 800 000 ლარის ტენდერები მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
"2020-2023 წლების განმავლობაში, ბიზნესმენ ალექსანდრე ბარათაშვილის ოთხი კომპანია სახელმწიფო შესყიდვების შავ სიაში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოხვდა.
მიუხედავად ამისა, მან მეხუთე კომპანია დააარსა, ასე განაგრძო სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და ჯამში 800 ათასზე მეტის ხელშეკრულებები გააფორმა.
სულ ბარათაშვილის სხვადასხვა კომპანიებმა ₾4.5 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მიიღეს მონაწილეობა.
ეს შავი სიის წარმოების არაეფექტურობაზე და არაჯეროვან აღსრულებაზე მიუთითებს, რა რისკების არიდებასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უნდა ცდილობდეს," - წერს ორგანიზაცია.
ფოტოზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძეა.