ვეხმაურებით ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, “მთავარ არხზე” ადგილი ჰქონდეს თანხების უკანონო ბრუნვას.
პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ “მთავარ არხს” არასოდეს განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია.
სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს - ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების” რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.
გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას.
ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ “ქართული ოცნება” “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას.