საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ გაუარესდა. ის უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ითხოვს, რომ ბაქოს არ გადასცენ, რადგან იქ მას არასათანადო მოპყრობა და სიკვდილი ელოდება.
მისმა უფლებადამცველებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის თანახმადაც სადიგოვს საქართველოში თავშესაფარი არ მისცეს.
"დოკუმენტების სათანადო განხილვის გარეშე, სრულიად მოულოდნელად, მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა სადიგოვს საერთაშორისო დაცვაზე, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მათი არგუმენტი იყო ის, რომ აზერბაიჯანში არ არის უფლების დარღვევის მაღალი რისკები. ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ სასამართლოში, თუმცა ახლა აფგან სადიგოვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
მან 26 დღის წინ დაიწყო შიმშილობა, წინა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასუსტებულია, ამიტომ ახლა ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს, უჭირს გადაადგილება, უჭირს საუბარიც კი," - ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.
აფგან სადიგოვი შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში. სადიგოვი, ციხის ადმინისტრაციამ 7 ოქტომბერს პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანა.